ასეც ხდება ხოლმე — ტექნიკური ხარვეზის გამო, Rolls-Royce 102 Cullinan-ს უკან გაიწვევს
მდიდრული ავტომობილების მყიდველებს, როგორც წესი, იდეალური მანქანის მართვის მოლოდინი აქვთ — მიუხედავად ამისა, ტექნიკური ხარვეზების მიმართ იმუნური არც 6-ნიშნა ფასის მქონე SUV-ები არიან...
ეს სწორედ ასეთი ისტორიაა — Rolls-Royce-ი Cullinan-ების მცირე რაოდენობას უკან გაიწვევს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ქარხანაში უკანა სავარძლის უსაფრთხოების ღვედის მექანიზმი არასწორად დაამონტაჟეს. კომპანიამ მფლობელებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ არ გამოიყენონ მდიდრული უნივერსალის უკანა სავარძლები და საბარგული იქამდე, სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება.
როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა საოცრად მდიდრული ბრენდი?
უცნაურია ისიც, თუ როგორ აღმოაჩინეს ბრიტანულ ბრენდში აღნიშნული ხარვეზი... როგორც წესი, ავტომწარმოებლები მოდელებს უკან მაშინ იწვევენ, როცა კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით საჩივარი მომხმარებელს შეაქვს. Rolls-Royce ამ მხრივაც გამორჩეულია — ხარვეზი საგზაო ტესტის დროს გამოჩნდა, როცა მანქანაში მჯდარმა ერთ-ერთმა ინჟინერმა ჟღარუნის ხმა შეამჩნია. აღმოჩნდა, რომ ხმაური უსაფრთხოების ღვედის დამჭიმიდან მოდიოდა. 
ცხადია, გამოძიება იმავე დღეს დაიწყო — ერთი ხმაურიანი ჭანჭიკის აღმოსაჩენად როლსის ინჟინრებმა ყველაფერი გააკეთეს და 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2025 წლის 19 ნოემბრამდე ერთ კონკრეტულ ქარხანაში, კონკრეტულ ლოკაციაზე წარმოებული 102 Cullinan-ი უკან გაიწვიეს. ავტომწარმოებლის მომსახურების თანამშრომლები ჭანჭიკს შეამოწმებენ და, საჭიროების შემთხვევაში, ხარვეზს გამოასწორებენ.
ერთი შეხედვით, პრობლემა მაინცდამაინც შიშისმომგვრელად არ ჟღერს, თუმცა დროთა განმავლობაში, შესაძლოა ჭანჭიკმა უფრო მეტად მოიშვას და მივიდეს ზომამდე, როცა ავარიის შემთხვევაში, მგზავრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი აღარ იქნება — საბარგულში არსებულ ტვირთთან კონტაქტის შემთხვევაში, სავარძლის საზურგე პოზიციას შეიცვლის და ხერხემლის დაზიანების რისკები გაიზრდება. 
ჯერჯერობით, აღნიშნულ გაწვევასთან დაკავშირებულ ხარვეზს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება არ გამოუწვევია. საეჭვოა, Rolls-Royce-ის მფლობელებს ეს რომ ადარდებდეთ, თუმცა ინსპექცია და ავტომობილის შეკეთება უფასო იქნება.