მექანიკური გადაცემათა კოლოფი ისტორიას ბარდება: გაერთიანებული სამეფოს ბაზრის მონაცემები
თუ თქვენ იმ მძღოლთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებსაც სიჩქარეების ხელით გადართვა და მართვის პროცესში სრული ჩართულობა მოსწონთ, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს, რომელსაც აქამდეც შეამჩნევდით... მექანიკური გადაცემათა კოლოფი სწრაფად ქრება და ეს მხოლოდ ამერიკულ შოურუმებს არ ეხება — ტენდენცია ევროპაშიც კატასტროფულია.
ბრიტანეთში, სადაც ადრე ახალი ავტომობილების 80%-ზე მეტს სამი სატერფული ჰქონდა, მექანიკური გადაცემათა კოლოგი პენსიაზე გასასვლელად ემზადება.
ციფრები არ ტყუიან: 2026 წლის სტატისტიკა
CarGurus-ის უახლესი მონაცემებით, 2026 წელს წამყვანი ავტომწარმოებლების საწარმოო ხაზებში ჯამურად მხოლოდ 67 მექანიკური მოდელი შემორჩა, გასულ წელს კი ეს ციფრი 82 იყო. ეს ათი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, გიგანტური ვარდნაა.
პარალელურად, ცხადია, კარგი დრო უდგას ავტომატურ გადაცემათა კოლოფს — შესწავლილი 300 მოდელიდან დიდი უმრავლესობა, 225 ერთეული, მხოლოდ „ავტომატია“. ეს ცვლილება გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ ბაზარზე SUV-ების, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების დომინირებას, რომელთაც გადაბმულობის პედლისთვის ადგილი უბრალოდ აღარ აქვთ.
ბრენდები, რომლებმაც მექანიკაზე უარი თქვეს
ბრიტანულ ბაზარზე მექანიკური კოლოფი სრულიად ამოიღეს ხმარებიდან ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Mini და Honda. ამრიგად, ისინი შეუერთდნენ იმ მწარმოებლების გრძელ სიას, სადაც უკვე დიდი ხანია ფიგურირებენ Mercedes-ი, Volvo და ა.შ. მეტიც, BMW M-შიც კი აცხადებენ, რომ მექანიკური კოლოფის დღეები დათვლილია.
მიუხედავად ამისა, ენთუზიასტებისთვის იმედები ჯერ კიდევ არსებობს. ისეთი მოდელები, როგორიცაა Mazda MX-5 მიატა და Porsche 911 GT3 კვლავ შესთავაზებენ ნამდვილ სიამოვნებას ხალხს, რომელთაც გადაბმულობის სატერფულის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ... ასევე, ბიუჯეტურ ჰეჩბეკებსა და ქროსოვერებში ჯერ კიდევ მოიძებნება მექანიკური ვარიანტები.
მოკლედ, თუ ახალი ავტომობილის შეძენას აპირებთ და „მექანიკა“ თქვენთვის პრინციპულია, არჩევანი ყოველდღიურად სულ უფრო ვიწროვდება.