Volkswagen-ი ჩინეთში Jetta-ს ამ „ტყუპისცალს“ ორჯერ იაფად ყიდის
Volkswagen-ი ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ ბენზინზე მომუშავე სედანები ისტორიის სანაგვეზე გაისტუმროს — ყოველ შემთხვევაში, ჩინეთში ეს ასეა... FAW-ისა და VW-ის ერთობლივმა საწარმომ ახალი Sagitar S-ი წარადგინა, რომელიც ზომით Jetta-ს ანალოგია, თუმცა თანამედროვე დიზაინსა და ტექნოლოგიებს ბევრად დაბალ ფასად გვთავაზობს.
ავტომობილის სიგრძე 4 702 მმ-ია, რაც მას გასულ წელს წარდგენილ Sagitar L-ზე ოდნავ მოკლედ აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკულ Jetta-ზეც მცირედით მოკლეა, მათი სიგანე თითქმის იდენტურია (2 688 მმ). ვიზუალურად Sagitar S ტიპური ფოლკსვაგენია — სუფთა ხაზებითა და ტრადიციული სილუეტით, თუმცა თუ უკანა მხრიდან შეხედავთ, ის თავისი ერთიანი ფარებითა და დიფუზორით უფრო ბიუჯეტური Audi A5-ის შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
სედანი ფოლკსვაგენის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რაც ნიშნავს იმას, რომ შიგაწვისძრავიანი მოდელები ისეთივე მაღალტექნოლოგიურ ფუნქციებს მიიღებენ, როგორსაც ელექტრომობილები იღებენ. Sagitar S-ის ინტერიერში 10.25-დუიმიან მაჩვენებელთა დაფასა და 12.9-დუიმიან ცენტრალურ მულტიმედიის ეკრანს შეხვდებით. ასევე, გადამრთველი საჭის სვეტზე გადავიდა, რამაც ცენტრალურ კონსოლზე დამატებითი ადგილი გაათავისუფლა. მოდელი აღიჭურვა ხმოვანი ბრძანებების AI ასისტენტითა და მე-2 დონის მძღოლის დამხმარე სისტემებით.
ჩინური მოდელი პრაქტიკულობის თვალსაზრისითაც მშვენივრად გამოიყურება — მისი საბარგულის მოცულობა 555 ლიტრია, რაც Jetta-ს 400 ლიტრს მნიშვნელოვნად აღემატება.
Sagitar S ნაცნობ MQB პლატფორმას ეყრდნობა — მისი კაპოტის ქვეშ მხოლოდ ბენზინის ძრავებს ნახავთ, ყოველგვარი ელექტრო-დანამატების გარეშე. საბაზისო ვერსიის სიმძლავრეზე 1.5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავაა პასუხისმგებელი, რომელიც 110 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 6-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. რაც შეეხება ტურბო ვერსიას, ის 160ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და ამ სიმძლავრეს ბორბლებს 7-სიჩქარიანი DSG გადაცემათა კოლოფით აწვდის.
ყველაზე შთამბეჭდავი კი Sagitar S-ში მაინც მისი ფასია. ჩინეთში საწყისი ღირებულება სულ რაღაც 11 600$-ია. ეს ნიშნავს, რომ ერთი ამერიკული Jetta-ს ფასად ($23,995), ჩინეთში ორი ასეთი ავტომობილის ყიდვაა შესაძლებელი. ყველაზე მაღალი კომპლექტაციის ტურბო ვერსიის ფასიც კი მხოლოდ 17 100 დოლარია. ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტები Toyota Corolla, Nissan Sylphy და ადგილობრივი გიგანტები – BYD Qin Plus და Geely Emgrand იქნებიან.
თქვენი აზრით, გაიყიდებოდა თუ არა ეს მოდელი საქართველოში ასეთივე წარმატებით, როგორც ჩინეთში?