ჰიუნდაი, ჯენესისი, მდიდრული მანქანები, ნიუ-იორკის ავტოშოუ
Aa
Aa

Genesis-ი 2030 წლამდე საწარმოო ხაზში 22 სიახლეს აანონსებს

როგორც ჩანს, Genesis-ი გაჩერებას არ აპირებს. ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე ბრენდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოსე მუნიოსმა, სენსაციური გეგმა გააჟღერა: 2030 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ავტომწარმოებლის 22 ახალი ან მნიშვნელოვნად განახლებული მოდელი გამოვა.

ეს ძალიან რისკიანი „ბლიცკრიგია“ ბრენდისთვის, რომელიც ულტრა-მდიდრულ სეგმენტში ჯერ კიდევ შედარებით ახალბედად ითვლება. როგორც აღინიშნა, საუბარი არ არის 22 სრულიად განსხვავებულ ავტომობილზე — Genesis-ის განმარტებით, ამ რიცხვში შედის როგორც სრულიად ახალი მოდელები, არსებული ხაზის რესტაილინგები, ახალი კომპლექტაციები და ძრავები და სპეციალური ვერსიები (მაგალითად, Magma ხაზი). 

ენთუზიასტებისთვის სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ბრენდი სედანებზე უარს არ ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ G70-ის მომავალზე ოფიციალური დასტური არ გვაქვს, ხმები მორიგი რესტაილინგის შესახებ იმედს იძლევა, რომ ეს მოდელი საწარმოო ხაზში დიდხანს დარჩება.

ინვესტიციები აშშ-ში 

აღნიშნული გაფართოება Hyundai Motor Group-ის უფრო შორს მიმავალი სტრატეგიის ნაწილია. კორეული გიგანტი აშშ-ში 26 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ლუიზიანაში ფოლადის ახალი ქარხნის აშენებასა და რობოტიზაციის ჰაბის შექმნას მოიცავს.

Genesis-ს სურს, რომ ავტომობილები არა მხოლოდ გაყიდოს ამერიკაში, არამედ იქვე აწარმოოს. ადგილობრივი წარმოება ბრენდს მეტ მოქნილობას მისცემს, რათა სწრაფად უპასუხოს ამერიკელი და კანადელი მყიდველების სპეციფიკურ მოთხოვნებსა და რეგულაციების ცვლილებებს.

აქვე, საინტერესო ფაქტი — Genesis-მა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია 1 მილიონ გაყიდულ ავტომობილს მდიდრულ ბრენდებს შორის, თუმცა ის ჯერ მაინც ჩამორჩება ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა BMW, Mercedes, Lexus და Audi. სავარაუდოდ, კორეული ავტომწარმოებელი ამ დისტანციის შემცირებას ბაზრის თითქმის ყველა სეგმენტზე ერთდროული შეტევით გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები