აშშ, მეორადი ავტომობილები
Aa
Aa

აშშ-ის ბაზარზე მეორადი ავტომობილების საშუალო ფასმა 2023 წლის ზაფხულის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

მეორადი ავტომობილების ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება — მიუხედავად გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, საწვავზე მაღალი ფასებისა და ირანში მიმდინარე ომისა, მოთხოვნა მეორად მანქანებზე სტაბილურად მაღალი რჩება.

Cox Automotive-ის მონაცემებით, გასულ თვეში შეერთებულ შტატებში მეორადი ავტომობილების საბითუმო ფასები 6.2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს 2023 წლის ზაფხულის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ბაზარზე გავლენას მოახდენდა, თუმცა მონაცემები საპირისპიროს ამტკიცებს — მოთხოვნა ჯანსაღია, მარაგები კი საკმაოდ მწირი“ — აღნიშნავს Cox Automotive-ის მთავარი ეკონომისტი, ჯერემი რობი.

აღნიშნული ტენდენციის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი ახალი ავტომობილების ფასია. თებერვლის მონაცემებით, მეორადი ავტომობილის საშუალო ფასი აშშ-ში 25 287$-ს შეადგენს, მაშინ როცა ახალი მანქანის საშუალო ღირებულება 49 100$-ია. ფასებს შორის ეს თითქმის ორმაგი სხვაობა მომხმარებელს აიძულებს, არჩევანი მეორად მოდელებზე შეაჩეროს.

პარალელურად, ახალი ავტომობილების გაყიდვების კლება იწვევს ე.წ. „Trade-in“ მოცულობების შემცირებას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზღუდავს მეორადი მანქანების მიწოდებას ბაზარზე. მოლოდინზე მაღალი მოთხოვნის გამო, Cox Automotive-მა მეორადი ავტომობილების გაყიდვების პროგნოზი 20.4 მილიონ ერთეულამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაყიდვების ტემპის შენელება. ჯამში, არსებული პროგნოზებით, 2026 წელს მეორადი ავტომობილების ბაზარი 2025 წელთან შედარებით დაახლოებით 1%-ით შემცირდება.

რაც შეეხება ახალი ავტომობილების ბაზარს, აშშ-ში წელს დაახლოებით 15.8 მილიონი ერთეულის გაყიდვაა მოსალოდნელი. ფაქტია, რომ სანამ ახალი მანქანები ფუფუნების საგნად რჩება, მეორადი ბაზარი აქტუალობას არ დაკარგავს, მიუხედავად მზარდი ფასებისა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები