ფორმულა 1, მაქს ფერსტაპენი, მაკლარენი, რედ ბული
Aa
Aa

McLaren-ს მაქს ფერსტაპენის გადაბირება სურს?

Formula 1-ის ახალი სეზონი მაქს ფერსტაპენისთვის ისეთი წარმატებული ალბათ არ გამოდგა, როგორც თავად ნიდერლანდელი და მისი გულშემატკივრები მოელოდნენ. მართალია, ახალი რეგულაციებისა და ბოლიდების მიმართ უკმაყოფილება F1-ის ოთხგზის ჩემპიონს არც სეზონის დაწყებამდე დაუმალავს, მსგავსი სტარტი, წესით, მის გეგმებში მაინც არ შედიოდა.

არსებული მდგომარეობით, ჩემპიონატში მრბოლელთა სათავეში Mercedes-ის 19 წლის პილოტი, კიმი ანტონელია 72 ქულით, მეორე ადგილზე კი მისი თანაგუნდელი, ჯორჯ რასელი — 63 ქულით. ცხრილში მათ Ferrari-ის წარმომადგენლები: შარლ ლეკლერი (49 ქულა) და ლუის ჰამილტონი (41), ასევე McLaren-ის პილოტები: ლანდო ნორისი (25) და ოსკარ პიასტრი (21) მოჰყვებიან. რაც შეეხება მაქსს, ის, ამჟამინდელი მონაცემებით, 12 ქულით მე-9 ადგილს სჯერდება.

ასევე იხილეთ: მაქს ფერსტაპენი ავტოსპორტის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ რბოლაში ერთვება

შექმნილმა ვითარებამ გაამწვავა კითხვები როგორც მაქსის შესაძლო და საკმაოდ ნაადრევად კარიერის დასრულებასთან, ასევე ნიდერლანდელის მიერ გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით. მაქსის შედეგებს ისეთი ფაქტორებიც დაემთხვა, როგორიცაა, მაგალითად, F1-ის ოთხგზის ჩემპიონის ნიურბურგრინგის 24 საათში გამოჩენა და მისი საბრძოლო ინჟინრის, ჯანპიერო ლამბიასეს მიერ Red Bull-ის დატოვება.

45 წლის ბრიტანელმა ინჟინერმა Red Bull Racing-ის დატოვება უკვე დაადასტურა. უფრო მეტიც, 2028 წლიდან ის McLaren-ს შეუერთდება. ლამბიასეს, რომელიც წლებია, რაც ფერსტაპენთან თანამშრომლობს, ნიდერლანდელი პილოტის წარმატებული კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება. ფერსტაპენმა ისიც კი თქვა, რომ მაშინ, როდესაც „ლამბიასე მუშაობას შეწყვეტს“, შესაძლოა, მანაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს.

მართალია, Red Bull-ის პილოტს ჯერ კონკრეტული არაფერი განუცხადებია, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ლამბიასეს გარდა McLaren-ში ფერსტაპენიც ვიხილოთ. მაქსის უკმაყოფილება და შედეგები კი მისი მომავლის შესახებ სპეკულაციებს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონტრაქტი ფერსტაპენს Red Bull-თან 2028 წლამდე აკავშირებს, ხელშეკრულებაში შემავალი პუნქტები Formula 1-ის პილოტს გუნდის ნაადრევად დატოვების საშუალებას აძლევს. დადასტურებული კვლავ არაფერია, თუმცა მოვლენების განვითარებას ყველა ელოდება.

თქვენ რას ფიქრობთ? გსურთ ფერსტაპენის ხილვა McLaren-ის გუნდში?

მსგავსი სიახლეები