ფორმულა 1, აირტონ სენა, ფერარი, მაკლარენი, ვილიამსი, ჟან ტოდტი
Aa
Aa

აირტონ სენას 1994 წელს Ferrari-ში გადასვლა სურდა | ჟან ტოდტი განმარტავს, თუ რატომ არ მოხდა ასე

Scuderia Ferrari-ზე ფიქრისას, Formula 1-ის ენთუზიასტებს, ალბათ, პირველად ეს სამი სახელი ახსენდებათ: მიხაელ შუმახერი, ჟან ტოდტი და როს ბრაუნი. F1-ის ჩემპიონატის სამეულს არაერთი რეკორდი მიეწერება და, რაც მთავარია, მათ ჩემპიონატის მოყვარულებს აჩუქეს ისტორია, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ. მაგრამ შესაძლოა მოვლენები სულ სხვაგვარად წარმართულიყო და ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, თავად ტოდტმა YouTube არხზე, High Performance-თან ისაუბრა.

საქმე არა მხოლოდ Scuderia Ferrari-ს, არამედ ავტოსპორტის ისეთ ლეგენდარულ ფიგურას ეხება, როგორიც ბრაზილიელი მრბოლელი აირტონ სენა გახლავთ. ეს კი ისეთი ისტორიაა, რომელსაც შეეძლო სენას ტრაგიკული ბედიც კი შეეცვალა. „მონცაში, 1993 წელს, მახსოვს, ის [სენა] Villa d’Este-ში, ჩემს ნომერში მეწვია. ჩვენ ერთსა და იმავე სასტუმროში ვრჩებდით და ის საღამო მის Ferrari-ში გადმოსვლაზე საუბარში გავატარეთ. მას გადმოსვლა სურდა, თუმცა მას გადმოსვლა 1994 წელს სურდა“, — იხსენებს ტოდტი.

თუ McLaren-ში სენას მიერ გატარებულ ბოლო წელს გავიხსენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროს ბრაზილიელი, როგორც ემოციურად, ასევე პროფესიულად, ორად იყო გაყოფილი. ერთი მხრივ, ბრაზილიელს იმ გუნდში დარჩენა სურდა, რომელმაც მის კარიერულ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გუნდის ხელმძღვანელობა მის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა დაღმავალი შედეგები და გაურკვეველი პერსპექტივა სენას ამბიციებს ვეღარ აკმაყოფილებდა. პარალელურად, მისი ახლო მეგობარი სიდ უოტკინსი და საცოლე, ადრიანა გალისტეუ, დაჟინებით ურჩევდნენ, კარიერა დაესრულებინა ან დროებითი შესვენება აეღო.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?

და მიუხედავად იმისა, რომ სენასა და Ferrari-ს შორის მოლაპარაკებებზე ჭორები მანამდეც არსებობდა, წესით, ის შეხვედრა, რომელსაც ტოდტი იხსენებს, მათი საქმიანი პარტნიორობისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო:

„94 წელს ჩვენ ჟერარდ ბერგერთან და ჟან ალესთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული გვქონდა. მე მას [სენას] ვუთხარი, რომ 1994 წელს გადმოსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ვუთხარი, რომ, სიმართლე გითხრათ, ჯერ არც ვართ მზად და, თან, ეს ხელშეკრულებები გვაკავებს-მეთქი, რაზეც მან მიპასუხა, რომ F1-ში კონტრაქტები მნიშვნელოვანი არ იყო. მე კი ვუთხარი: „შეიძლება ასეა, თუმცა ჩემთვის კონტრაქტები მნიშვნელოვანია“.

ტოდტის თქმით, სენას Ferrari-ში გადასვლა რეალურად სურდა და F1-ის გუნდსაც სურდა ბრაზილიელი, თუმცა არა 1994 წლის სეზონისთვის. როგორც ის მოგვიანებით განმარტავს, Ferrari იმ დროს ქაოსში იყო, წლები არაფერი მოუგია, მისი ხანშიშესული იტალიელი პერსონალი კი ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდა. საბოლოო ჯამში, გუნდის წარუმატებლობა მრბოლელებს ბრალდებოდათ, რომელთაც, მათი თქმით, „მანქანის მართვა არ შეეძლოთ“.

„სწორედ ამიტომ წავიდა ის Williams-ში. 1994 წელს Ferrari-ს კვლავ იგივე პილოტები ჰყავდა, თუმცა ჩვენ გუნდის ხელახლა შექმნაზე ვმუშაობდით. 1995 წელსაც გუნდს ვაშენებდით, 1996 წელს კი უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო ვარსკვლავი მრბოლელი გვყოლოდა“, — ამბობს ტოდტი.

დანარჩენი უკვე ისტორიაა, რომელიც, სამწუხაროდ, ნაადრევად დასრულდა. ამის შემდგომ ბრაზილიელი Williams-ში გადავიდა, 1994 წლის პირველ მაისს კი მისი სიცოცხლე ტრაგიკულ ავარიას ემსხვერპლა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის სახელი ავტოსპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა და დღემდე ის ბევრისთვის F1-ის საუკეთესო მრბოლელია.

მსგავსი სიახლეები