ელექტრომობილი, ბიემვი, მერსედესი, ბიემვი აი3, მერსედესი ცე კლასი
Aa
Aa

Mercedes-ის ელექტრო C-Class-ი BMW i3-ის მთავარი კონკურენტია

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Mercedes-Benz-მა, სრულიად ელექტრო Mercedes-Benz C-Class-ი წარადგინა, რომელიც მისი ადგილობრივი კონკურენტის, BMW-ს ახალი მოდელის, i3-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად განიხილება. ვიზუალურად ახალი C-Class-ის ელექტროვერსია ბევრად უფრო სპორტულ და გამარტივებულ დიზაინს გვთავაზობს და, შესაძლოა, სწორედ ისაა, რასაც ამ მოდელის მოყვარულები კომპანიისგან მოელიან.

Mercedes-ი მას აღწერს, როგორც "კუპესმაგვარი სილუეტის" მქონე ავტომობილს. ამ მოდელში აეროდინამიკური კოეფიციენტი 0.22 Cd-ია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ავტომობილმა ერთი დამუხტვით რაც შეიძლება მეტი მანძილი გაიაროს. პირველი, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, ავტომობილის განათებული ცხაურია — 1 050-მდე ცალკეული Led-განათებით და მაშუქები, რომლებშიც Mercedes-Benz-ის სიმბოლო, სამქიმიანი ვარსკვლავის ფორმა ჩანს.

ასევე დაგაინტერესებთ: BMW-მ ახალი i3 წარადგინა, რომელმაც მე-3 სერიის მემკვიდრეობა უნდა გადაიბაროს

თუმცა Mercedes-მა მთავარი ცვლილებები ინტერიერში შემოგვთავაზა. ავტომობილის მთავარი ღირსშესანიშნაობა 39.1-ინჩიანი ეკრანია, რომელიც მთელ წინა პანელზეა გადაჭიმული. მსგავსი ტიპის ეკრანი ამ დრომდე მხოლოდ ფლაგმანურ მოდელებში იყო, ახლა კი გერმანულმა კომპანიამ შედარებით ხელმისაწვდომ ვერსიებშიც შემოგვთავაზა. სისტემა მძღოლს და მგზავრს საშუალებას აძლევს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიყენონ გასართობი თუ საინფორმაციო ფუნქციები. ეს საინტერესო განსხვავებაა BMW i3-თან, რომელსაც შედარებით პატარა ზომის სენსორული ეკრანი აქვს, პლანშეტის სტილის, დანარჩენი ინფორმაცია კი პირდაპირ საქარე მინის ქვემოთ, პანელზე გადმოაქვს.

ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

გარდა ამისა, ამ მოდელის ინტერიერი ბევრად უფრო მდიდრულადაც გამოიყურება, ვიდრე C-Class-ის ძველი ვერსიები. გამოცემები აღნიშნავენ, რომ ამ მიდგომით გერმანულ ავტომწარმოებელს სურს, მისი ახალი მოდელი უფრო "პატარა S-Class-ად" უფრო იყოს აღქმული, ვიდრე სტანდარტულ ელექტროსედანად. ამაზე მიუთითებს პანორამული სახურავი, არასტანდარტული დიზაინით, ასევე სავარძლები, რომლებიც მასაჟისა და ვენტილაციის ფუნქციებს გვთავაზობს, ხოლო 4D-ხმის სისტემის დინამიკები პირდაპირ სავარძლებშია ჩაშენებული.

ელექტრო GLC-ის მსგავსად, Mercedes-ი ხაზს C400 4Matic ვერსიით იწყებს. ეს კონკრეტული მოდელი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა კომბინირებული სიმძლავრე 482 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს აღწევს. შედეგად, ელექტროსედანი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3.9 წამში ჩქარდება. ელექტრომობილი 94.5 კვტ.სთ-ის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 762 კილომეტრის გავლა შეუძლია.

თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ BMW-ს მტკიცებით, მისი ახალი i3 ერთი სრული დამუხტვით 900 კილომეტრზე მეტს გადის... Mercedes-ის განაცხადი შედარებით უფერული ხდება. თუმცა Mercedes-ის სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მოდელი 325 კმ-ზე სამყოფ ენერგიამდე სულ რაღაც 10 წუთში იმუხტება. ამან კი, შესაძლოა, ეს უკანასკნელი კონკურენტზე მეტად პრაქტიკულიც კი გახადოს.

აღნიშნული მოდელის გაშვება პირველ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე იგეგმება. შემდგომ კი, ეტაპობრივად, სხვა ბაზრებზეც გაეშვება. აშშ-ში საწყისი წარდგენა კი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კომპანია ქვეყანაზე, სადაც პრემიუმ ელექტრომობილების არჩევანი შედარებით მცირეა, დიდ იმედებს ამყარებს. მიუხედავად ამისა, რიგი დეტალები ახალი მოდელის შესახებ — მათ შორის ღირებულება, წონა და სამძრავიანი AMG ვერსიის შესაძლებლობა — ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები