ერთ-ერთი უდიდესი განახლება ისტორიაში: BMW-მ მე-7 სერიის ახალი თაობა წარადგინა
BMW-მ თავის ყველაზე საკამათო დიზაინის მქონე მოდელს, მე-7 სერიას, „სიცოცხლის ციკლის განახლების“ (LCI) ფორმულა მოარგო. შედეგად 2027 წლის მოდელი მივიღეთ, რომელსაც ბევრი უკვე ბავარიული ბრენდის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ განახლებასაც კი უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ექსტერიერის ცვლილებები, ერთი შეხედვით, ზომიერია, ავტომობილის შიგნით და მის „კანქვეშ“ ნამდვილი რევოლუცია დატრიალდა.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
ვიზუალური თვალსაზრისით, დიზაინერებმა ყველაზე დიდი ყურადღება ავტომობილის წინა მხარეს დაუთმეს. ცნობილი გიგანტური ცხაურა შენარჩუნებულია, თუმცა შეიცვალა მისი ფორმა — ის უფრო დავიწროვდა და ამაღლდა, რაც ბრენდის კლასიკურ სტილთან უფრო ახლოსაა. ყველაზე რადიკალური სიახლე კი განათების სისტემაა: კაპოტის კიდესთან განთავსებულია ოთხი უწვრილესი, კრისტალური დღისით მოძრაობის მაშუქები, ხოლო ძირითადმა მაშუქებმა ბამპერის კუთხეებში არსებულ ფარულ ნიშებში გადაინაცვლა. უკანა მხარეს კი ახალ საბარგულსა და გაცილებით განიერ ფარებს ვხედავთ, რაც ავტომობილს უფრო სოლიდურ და სიმეტრიულ იერს სძენს.
ავტომობილის ინტერიერი
ნამდვილი ტრანსფორმაცია სალონში გვხვდება, რომელიც BMW-ს უახლესი ელექტრომობილების, iX3-ისა და i3-ის სტილშია შესრულებული. აქ დაგხვდებათ სრულიად ახალი, ორქიმიანი საჭე და პანორამული iDrive ინტერფეისი. საქარე მინის მთელ სიგრძეზე განთავსებულია ეკრანი, რომელიც მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის, ხოლო ცენტრში 17.9-დუიმიანი მონიტორია დამონტაჟებული. გარდა ამისა, მე-7 სერიამ პირველად მიიღო მგზავრისთვის განკუთვნილი 14.6-დუიმიანისენსორული ეკრანიც, რომლის მეშვეობითაც გვერდით მჯდომს შეუძლია, მართოს ნავიგაცია, აუდიო სისტემა ან ისიამოვნოს ვიდეო სტრიმინგით.

უკანა მგზავრებისთვის კომფორტი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზეა აყვანილი. 31.3-დუიმიან 8K რეზოლუციის ეკრანს ახლა ინტეგრირებული კამერაც დაემატა, რაც მგზავრობისას Zoom-ით ვიდეოზარების განხორციელების საშუალებას იძლევა. აქვეა HDMI პორტიც, რომლითაც ავტომობილი შეგიძლიათ მობილურ ოფისად აქციოთ. სალონის ატმოსფეროს სრულყოფს Bowers & Wilkins-ის 36-სპიკერიანი აუდიო სისტემა და პანორამული Skylounge სახურავი.
ძალური აგრეგატი
ტექნიკური თვალსაზრისით, BMW კვლავ გვთავაზობს როგორც სრულად ელექტრო (i7), ისე ბენზინის ძრავებს. ელექტრო ვერსიებში გამოყენებულია მე-6 თაობის ახალი ელემენტები, რომელთა ენერგოეფექტიანობაც 20%-ითაა გაზრდილი. i7 60 xDrive-ის სიმძლავრე 536 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო ერთი დამუხტვით მისი გარბენი 560 კილომეტრამდე გაიზარდა. შიგაწვის ძრავის მოყვარულებისთვის კი 740 მოდელში კვლავ რჩება ლეგენდარული 3-ლიტრიანი, ტურბინიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა, რომელიც ახლა 394 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-ს 5 წამში ავითარებს.

ეს ყველაფერი არ არის — მომავალ წელს ხაზს დამუხტვადი ჰიბრიდი 750e დაემატება, ხოლო 2028 წლისთვის უმძლავრეს V8 ძრავიან ვერსიას ველოდებით, რომელსაც, სავარაუდოდ, M760 ერქმევა.
რას იტყვით, მოგწონთ სამუშაო, რომელიც BMW-მ მე-7 სერიის გასაახალგაზრდავებლად გასწია?