ლეგენდა მონაკოში | Mercedes-Benz 190E Evo II სოთბის აუქციონზე იყიდება
ავტოინდუსტრიის ისტორიაში არსებობენ ავტომობილები, რომლებიც დროს უძლებენ და 1990 წლის Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II სწორედ ერთ-ერთი ასეთია. ეს DTM-ის ეპოქის სიმბოლოა, რომელიც გერმანულმა ავტომწარმოებელმა სულ რაღაც 502 ეგზემპლარად გამოუშვა. 25 აპრილს, მონაკოში, სოთბის აუქციონზე ლეგენდის 283-ე ეგზემპლარი გაიყიდება, რომელიც თავისი ისტორიით ნამდვილად გამორჩეულია.


განსხვავებით ბევრი სხვა Evo II-ისგან, რომლებიც წლებს „ავტოფარეხის მეფის“ სტატუსით ატარებენ, ამ კონკრეტული ავტომობილის პირველ მფლობელს შვეიცარიაში მისი მართვის სულაც არ ეშინოდა. 1990-დან 2006 წლამდე მან 79 000 კილომეტრზე მეტი გაიარა. 2021-2023 წლებში მიუნხენურმა ატელიემ, CarTech Knowledge-მა, ავტომობილს სრული რესტავრაცია ჩაუტარა: განახლდა ძრავა, შეიცვალა რადიატორი, ზეთის გამაგრილებელი და დიფერენციალი. დღეს ოდომეტრი 80 598 კილომეტრს აჩვენებს, რაც Evo II-ის სტანდარტებით მაღალი ციფრია, თუმცა აუქციონის მესვეურები მაინც პროგნოზირებენ, რომ მისი ფასი, საშუალოდ, 305 000-დან 410 000 დოლარამდე იქნება.

Evo II შეხსენებაა იმისა, რომ Mercedes-ი ოდესღაც ისეთ ოთხცილინდრიან ძრავებს აწყობდა, რომლებზეც ავტომოყვარულები უბრალოდ გიჟდებოდნენ. Cosworth-თან ერთად შექმნილი 2.5-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატი 232 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს პირდაპირი კონტრასტია თანამედროვე ჰიბრიდულ Mercedes-AMG C63-თან, რომლის ოთხცილინდრიანი სისტემაც ბრენდის გულშემატკივრებმა იმდენად მკაცრად უარყვეს, რომ მოდელი გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც სამ წელში ქვესკნელში აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „მერსედესს“ ოდესმე შეუქმნია
გარდა სიმძლავრისა, Evo II თავისი რადიკალური ვიზუალითაცაა ცნობილი: რეგულირებადი დაკიდების სისტემა, განიერი ფრთები და ლეგენდარული უკანა სპოილერი, რომელიც დღემდე პარკის სკამს მოგვაგონებს, თუმცა რეალურად ავტომობილის გარეგნობაში შესანიშნავად ჯდება და აეროდინამიკის კუთხითაც ბრწყინვალეა. ეს ავტომობილი არ არის სამუზეუმო ექსპონატი — ეს ცოცხალი ლეგენდაა, რომელსაც ნამდვილი გზები უნახავს და მათზე ღირსეულად გაუვლია.