ელექტრომობილი, იაგუარი, ბენტლი, როლს-როისი, იაგუარი ჯითი
Aa
Aa

Jaguar-ის ახალი ეპოქა: 1 000 ცხ.ძ-იანი ელექტრომობილი Bentley-სა და Rolls-Royce-ის კონკურენტია

იშვიათია, რომ ავტომწარმოებლებმა — თან მათ, რომლებიც საუკუნეებია უკვე თავიანთ იდენტობას ასე უფრთხილდებიან — წარსული პორტფოლიოსგან ასე რადიკალურად „გადაუხვიონ“. თუმცა სწორედ ეს გააკეთა Jaguar-მა: ბრიტანულმა ლეგენდამ თითქოს „გადატვირთვის ღილაკს“ დააჭირა და სრულად სხვა ტერიტორიაზე გადავიდა — Bentley-სა და Rolls-Royce-ისთვის კონკურენციის გასაწევად.

ამ რადიკალური ცვლილების სათავეში კი ავტომწარმოებლის უახლესი ელექტრომობილი დგას — სედანი, რომელსაც პირობითი სახელით, GT-ით მოიხსენიებენ. მარტივი მისახვედრია, რომ Type 00 კონცეფციის სახით წარმოდგენილი მოდელი Jag-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი იქნება. რაც შეეხება მის დიზაინს, ის 17 სრული ზომის თიხის მოდელიდან შეირჩა.

ძველი Jaguar-ებისგან განსხვავებით, GT მკვეთრი და მკაცრი სილუეტით გამოირჩევა: თხელი Matrix LED მაშუქები, აქტიური გამაგრილებელი სისტემა და გრძელი კაპოტი, რომელიც, რომ არა ელექტრიფიკაცია, V12 ძრავასაც შესანიშნავად დაიტევდა. ტრადიციულად, ავტომობილის უკანა ნაწილი ფანჯრის გარეშეა და Polestar 5-ის სტილს მოგვაგონებს.

Jaguar-მა GT-სთვის მინიმალისტური, ავანგარდული ინტერიერი შეარჩია — მოხრილი OLED ეკრანებითა და მგზავრებისთვის დიდი სივრცით, რასაც Jag-ის 3.2-მეტრიანი თვლების ბაზა უზრუნველყოფს.

Jaguar-ის უახლესი ელექტრომობილის წონა 2.7 ტონაა, რაც ნიშნავს, რომ მოდელი საკმაოდ მძიმეა, თუმცა ეს მისი სიმძლავრით კომპენსირდება. 120 კვტ/სთ-იანი აკუმულატორის პაკეტი ჭკვიანურადაა დაპროექტებული და რამდენიმე სექციადაა დაყოფილი. მსგავსი განლაგება ინჟინრებს საშუალებას აძლევს, სავარძლები იმაზე დაბლა განათავსონ, ვიდრე ტრადიციულ ელექტრომობილებშია შესაძლებელი.

მოდელი 3-ძრავიან სრულამძრავ სისტემას იყენებს, რომელიც 1 000 ცხენის ძალასა და 1 300 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, ხოლო ელექტრომობილი 0-დან 100-მდე 3.3 წამში ჩქარდება. WLTP-ის მონაცემებით, მას ერთი სრული დამუხტით 692 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.

გამოდის, რომ თუ ადრე Jaguar-ის სამიზნე BMW და Mercedes-Benz-ი იყო, ახლა ბრიტანელები Bentley Flying Spur-ის, Rolls-Royce Ghost-ისა და Cadillac Celestiq-ის ტერიტორიაზე შედიან. გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილის ფასი £120 000-დან დაიწყება, ხოლო Launch Edition-ის ღირებულება - რომელიც 2027 წლის დასაწყისში, პირველივე მიწოდების პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი - £140 000 იქნება.

 

მსგავსი სიახლეები