200 000-მდე Tesla სწორედ მაშინ „ბრმავდება“, როდესაც კამერა ყველაზე მეტად გჭირდებათ
მაშინ, როდესაც Tesla მაქსიმალურად ცდილობს თავისი სრულად ავტომატური მართვის სისტემა ევროპის რეგიონში დანერგოს, როგორც ჩანს, ადგილობრივ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელექტრომობილების მწარმოებელს უსაფრთხოებისთვის ბევრად მნიშვნელოვანი ფუნქცია უქმნის პრობლემებს. მარტივად რომ გითხრათ, Tesla-ს 200 000-ზე მეტი ელექტრომობილი ზუსტად მაშინ „ბრმავდება“, როდესაც EV-ების მძღოლებს კამერები ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
საუბარი გვაქვს უკანა ხედვის კამერაზე, რის გამოც Tesla იძულებული გახდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 220 000-მდე მანქანა უკან გაეწვია. პრობლემა კამერის პროგრამულ უზრუნველყოფაშია და თავს იჩენს მაშინ, როდესაც ავტომობილის დაქოქვისთანავე მძღოლი მას უკანა სვლაში გადართავს. შედეგად, მძღოლებს კამერა ხშირად ან არასწორ გამოსახულებას აწვდის, ან საერთოდაც მათ გამოსახულების გარეშე ტოვებს.
დეფექტი სხვადასხვა წლის ავტომობილებსა და მოდელებში გვხვდება. მათ შორის, უკან გაწვევა შეეხებათ 2017-დან 2023 წლამდე აწყობილ Tesla Model 3-ის, Tesla Model Y-ის, Tesla Model S-ისა და Tesla Model X-ის ნაწილს.

ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, როგორც გითხარით, დეფექტი თავს იჩენს მაშინ, როდესაც მძღოლი ავტომობილს დაქოქვისთანავე უკანა სვლაში გადართავს. სწორედ ამ მომენტში კამერის ჩანაწერი შესაძლოა არ გამოჩნდეს და კამერა დაახლოებით 11 წამით უფუნქციოც იყოს. როგორც წესი, ეს ის დროა, როდესაც მძღოლს მანქანა ავტოფარეხიდან ან პარკირების ადგილიდან გამოჰყავს; განსაკუთრებით საშიში კი სკოლის ტერიტორიებზეა.
შესაძლოა ბევრისთვის 11 წამი ბევრი არ იყოს, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ფედერალური უსაფრთხოების წესებს არ აკმაყოფილებდეს. უკანა ხედვის გამოსახულების გარეშე მძღოლები ხედვის არეალის დიდ ნაწილზე წვდომას კარგავენ, რაც, მარეგულირებელი ორგანოს მტკიცებით, ავარიების საშიშროებასაც მნიშვნელოვნად ზრდის.

თუმცა Cybertruck-ის მძღოლებისგან განსხვავებით, რომელთა ელექტროპიკაპსაც ბორბალი „ძვრება“ და შესაკეთებლად სერვისცენტრშია მისაყვანი, ამ მოდელების მძღოლებს მსგავსი საჭიროება არ აქვთ. ვინაიდან დეფექტი პროგრამულ უზრუნველყოფაშია, წესით, მათ უმრავლესობაში პრობლემა დისტანციურად გამოსწორდება. Tesla-ს თქმით კი, მძღოლების 99.9%-ზე მეტმა განახლება უკვე მიიღო და პრობლემა მანამ მოგვარდა, სანამ ისინი ამის შესახებ შეიტყობდნენ.