მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ტოიოტა კოროლა, კოროლა, კოროლა
Aa
Aa

Toyota-მ ყველაზე იაფი Corolla მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და ხუთი სატერფულით აღჭურვა

მაშინ, როდესაც თითქმის მთელი სამყარო ელექტრომობილებზე თუ არა, ჰიბრიდიზაციაზე მაინც გადადის, Toyota-ს, როგორც ჩანს, სულ სხვა გეგმები აქვს. ავტომწარმოებელი იაპონიის ბაზარზე 2026 წლის მოდელების ხაზში ატმოსფერული ძრავითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ Corolla-ს სედანს აბრუნებს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვით: ამ მოდელის შეძენა ჩვეულებრივ მომხმარებლებს არ შეუძლიათ.

Toyota-ს ახალი და ხაზში ყველაზე ხელმისაწვდომი Corolla მხოლოდ ავტოსკოლებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი მიზანია დამწყებ მძღოლებს გადაბმულობის გამოყენება ასწავლოს. ახალი მოდელი კი მოძველებულ Corolla Axio-ს შეცვლის, რომლის წარმოებაც Toyota-მ 2025 წლის ოქტომბერში შეწყვიტა.

სასწავლო ავტომობილების შესაბამისად, ამ მოდელშიც დამწყები მძღოლისა და მისი ტრენერის უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო ზომა მიღებულია. მათ შორის, ეს მოდელი ხუთი სატერფულისგან შემდგარი სისტემითაა აღჭურვილი — შედეგად, მექანიკური კოლოფისთვის დამახასიათებელი სამი სატერფულის გარდა, დამატებით ორი — მუხრუჭი და გადაბმულობა — ინსტრუქტორის მხარესაა განთავსებული, რათა მან კრიტიკულ სიტუაციაში შესაბამისი ზომები მიიღოს.

Toyota ავტოსკოლებისთვის განკუთვნილ Corolla-ს ორ ვერსიად შემოგვთავაზებს: საბაზისო ავტომობილი 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 118 ცხენის ძალასა და 145 ნმ-ს გამოიმუშავებს. მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით კი სიმძლავრე წინა ბორბლებს გადაეცემა, რაც ამ Corolla-ს ერთადერთ (არა GR) ძრავად აქცევს, რომლის შეძენაც იაპონიაში მექანიკური კოლოფით შეგიძლიათ.

ელექტროფიცირებულ მართვაზე ორიენტირებული ავტოსკოლებისთვის კი Toyota-მ ჰიბრიდული 1.8-ლიტრიანი ძრავის ვერსიაც შეიმუშავა. ამ მოდელში კომბინირებული სიმძლავრე 138 ცხენის ძალასა და 142 ნმ-ს აღწევს. ეს კონკრეტული ვერსია e-CVT გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი სპეციალურად მათთვის, ვისაც მხოლოდ ავტომატური მართვის სწავლა სურს.

სხვა მხრივაც, ეს მოდელები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებიან: მართვის სასწავლად განკუთვნილ Corolla-ს 15-დუიმიანი ფოლადის დისკები აქვს, მარტივი LED მაშუქები და დამატებითი გვერდითა სარკეები ინსტრუქტორისთვის. ინტერიერში კი მოსწავლეებს პატარა ზომის ციფრული სპიდომეტრი, დამატებითი ღილაკი სიგნალისთვის და GPS სამაგრი დახვდებათ.

როგორც გითხარით, ეს ვერსიები ამჟამად იაპონიის ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი Corolla-ები გახლავთ. მექანიკური მოდელის ფასი $13 600-დან იწყება, ხოლო ჰიბრიდის — $15 200-დან. შესაძლოა, ამერიკული ბაზრისთვის ეს ფასი მართლაც დაბალი იყოს, თუმცა იაპონიაში შედარებით ძვირია, რადგან წინა ვერსიის სასწავლო მანქანები $10 000-ზე იაფი ღირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები