Honda სტრატეგიას ცვლის — ბრენდმა 2 ახალი მოდელი წარადგინა და 2029-მდე კიდევ 13-ს წარადგენს
Honda-მ თავისი სტრატეგია რადიკალურად შეცვალა: ელექტრომობილების რამდენიმე ძვირადღირებული პროექტის გაუქმების შემდეგ, კომპანია ფსონს ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე ჩამოდის. ამის დასტურად ბრენდმა ორი ახალი პროტოტიპი წარადგინა, რომლებიც, დიდი ალბათობით, მომავალ Accord-სა და Acura RDX-ს აანონსებენ. გეგმის მიხედვით, 2029 წლისთვის ბაზარზე 15 ახალი ჰიბრიდული მოდელი უნდა გამოვიდეს.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda
Honda Hybrid Sedan-ის პროტოტიპი 5-კარიანი ფასტბექის სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს Accord-ის მომავალ თაობას. რაც შეეხება Acura-ს SUV-ს, მისი აგრესიული დიზაინი და პროპორციები აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის წარმოებიდან ამოღებული RDX-ის პირდაპირი მემკვიდრეა. ორივე ავტომობილი 2027 წლისთვის დაგეგმილ ახალ ჰიბრიდულ პლატფორმაზე აიგება, რაც 30%-ით შეამცირებს წარმოების ხარჯებს და საწვავის ეკონომიას 10%-ით გააუმჯობესებს.


ეს მკვეთრი შემობრუნება მძიმე ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა — 1957 წლის შემდეგ Honda-მ პირველად დააფიქსირა წლიური ზარალი, რამაც თითქმის 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის მთავარი მიზეზი EV პროექტების რესტრუქტურიზაციასა და გაუქმებასთან დაკავშირებული ხარჯებია.
საინტერესოა საინვესტიციო გეგმაც: 2029 წლამდე გამოყოფილი 39 მილიარდი დოლარიდან, 28 მილიარდზე მეტი სწორედ შიდა წვის ძრავებისა და ჰიბრიდების განვითარებას მოხმარდება, ხოლო წმინდა ელექტრომობილებისთვის ბიუჯეტი საგრძნობლად შეიკვეცა.

როგორც ჩანს, Honda-მ გადაწყვიტა, რომ მომდევნო ათწლეული არა სრულ ელექტროფიკაციას, არამედ ჰიბრიდულ „ოქროს შუალედს“ დაუთმოს. კომპანია ასევე გეგმავს ახალი ელექტრო სრულამძრავიანი (AWD) სისტემისა და უსაფრთხოების მოწინავე ADAS კომპლექსის დანერგვას.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა Honda-ს ეს „უკან დახევა“ სწორი სტრატეგიული ნაბიჯი, თუ კომპანია ელექტრომობილების რბოლაში ჩამორჩენის რისკის წინაშე დგება?