70 წლის განმავლობაში პირველად, Honda ზარალზეა | მიზეზი ელექტრომობილებია
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მ 70 წლის განმავლობაში პირველად წლიური ზარალი დააფიქსირა. მიზეზი კი ელექტრომობილების ბაზარზე განხორციელებული ინვესტიციებია, რომლებმაც კომპანიას მოლოდინები ვერ გაუმართლა. აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ისეთი მაღალი არ იყო, როგორც თავდაპირველად ამას Honda პროგნოზირებდა. შედეგად კი, 2026 წლით დასრულებული ფისკალური წლისთვის, კომპანიის საოპერაციო ზარალმა 423 მილიარდი იენი (შესაბამისად — $2.68 მლრდ) შეადგინა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იაპონურ ავტომწარმოებელს გეგმების ნაწილის დაუყოვნებლივ შეცვლა დასჭირდა. მაგალითად, როგორც ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Honda-მ განაცხადა, ის ელექტრომობილების წარმოების ზოგიერთ მიზნობრივ მაჩვენებელზე უარს ამბობს და ხარჯების შესამცირებლად ავტონაწილების ჩინეთიდან შემოტანასაც განიხილავს, რადგან ჩინეთის ბაზარზე ფასები შედარებით დაბალია.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
ზარალის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად Honda-მ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილება დაასახელა. ეს უკანასკნელი კი აშშ-ის მხრიდან ელექტრომობილების მყიდველთათვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებასა და ახალი ტარიფების შემოღებას გულისხმობს. ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბრამდე ამერიკელ მომხმარებელს ელექტრომობილის შეძენის დროს 7 500 აშშ დოლარამდე საგადასახადო შეღავათის მიღება შეეძლო. წინა ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილება ახლა უკვე გაუქმებულია, რასაც იმპორტზე მერყევი ტარიფებიც დაემატა. რა საკვირველია, ეს ავტომწარმოებლებს ბუნდოვან პერსპექტივას უსახავს და თან ხარჯებსაც მნიშვნელოვნად უზრდის.

Honda, რომელიც საფონდო ბირჟაზე პირველად 1957 წელს დაილისტა, წლების განმავლობაში გაფართოვდა და იაპონიაში სიდიდით მეორე საავტომობილო კომპანიის სტატუსიც მოიპოვა. ანალიტიკოსების შეფასებით, მასშტაბებიდან და ტრადიციული ბიზნესმოდელიდან გამომდინარე, კომპანიას ელექტრომობილების ბაზარზე არსებული მოთხოვნის მატებასთან ან/და კლებასთან სწრაფი ადაპტაცია უჭირს.
Honda ახლა ძალისხმევის მოტოციკლების ბიზნესის, ფინანსური სერვისებისა და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოების გაზრდაზე გადატანისთვის ემზადება. სამომავლო ზრდისთვის იაპონური კომპანიის მთავარი ბაზრები, ადგილობრივთან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკა და ინდოეთია. თუმცა, ამის პარალელურად, კანადაში ელექტრომობილებისა და ბატარეების წარმოების გაფართოების გეგმებიც შეაჩერა.
აქვე შეგახსენებთ, რომ Honda-მ ელექტრომობილებთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითად მიზანზეც უკვე თქვა უარი. მათ შორის გეგმაზე, რომ 2030 წლისთვის ახალი ავტომობილების გაყიდვებიდან მეხუთედი ელექტრომობილები ყოფილიყო, და მათ შორის 2040 წლამდე ხაზის სრულად ელექტრიფიცირების გეგმაზეც.