აუქციონი, ბიემვი, ბიემვი ემ3, ბეემვე, ბეემვე ემ 3, ბიემვი ემ3 ე92
Aa
Aa

ეს BMW M3 აუქციონის რეკორდს მოხსნის — იხილეთ უიშვიათესი ეგზემპლარი

თანამედროვე საავტომობილო კულტურა უკვე იმ ნიშნულს აღწევს, როდესაც მინიმალური გარბენის მქონე ლეგენდარულ მოდელებს მდიდარი ენტუზიასტები ისე ეპყრობიან, როგორც გაუხსნელ, ქარხნულ შეფუთვაში დარჩენილ სათამაშოებს. გასულ თვეს, Bring a Trailer-ის აუქციონზე სტანდარტულმა, შავმა BMW E92 M3-მა საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც სრულიად წარმოუდგენელ 205 392$-ად გაიყიდა. ამჯერად ბაზარზე გამოჩნდა მეორე E92, რომელსაც ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ აბსოლუტური რეკორდი მოხსნას.

ასევე იხილეთ: კოლექციონერმა (თითქმის) სტანდარტულ BMW M3-ში მოულოდნელად დიდი თანხა გადაიხადა

ეს კაშკაშა ნარინჯისფერი BMW M3 Lime Rock Park Edition-ია — ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის 2013 წელს ექსკლუზიურად გამოშვებული 200 ერთეულიდან ერთ-ერთი, რომელიც V8 თაობის ევოლუციის მწვერვალად და ყველაზე ძვირადღირებულ საკოლექციო ვერსიად ითვლება. ავტომობილის Carfax-ის ისტორია სუფთაა, საბუთები წესრიგშია და ოდომეტრიც  სულ რაღაც 138კმ-ს აჩვენებს. 

ასევე იხილეთ: როგორ დაიპყრო M3-მა მსოფლიო (ნაწილი 1)

ლოტი Bring a Trailer-ზე გამოიტანა EAG-მა (Enthusiast Auto Group) გამოიტანა, რომელიც BMW M სერიის ავტომობილების ექსპერტად და ბაზრის ფასებზე მოქმედ მნიშვნელოვან აქტორად ითვლება. ეს მოდელი Competition Package-ით არის აღჭურვილი, რაც სტანდარტულ M3-თან შედარებით უფრო დაბალ კლირენსს, სპეციალურ ამორტიზატორებსა და სტაბილიზაციის სისტემას გულისხმობს. შენარჩუნებულია ქარხნული 19-დუიმიანი ვერცხლისფერი დისკები და ორიგინალი სამუხრუჭე სისტემაც.

ასეთი გარბენის გათვალისწინებით, ცხადია ეს M3 ქარხნიდან ახლახან გამოგორებულს ჰგავს. სალონში ხალიჩები კვლავ ქარხნულ ცელოფნებშია შეფუთული, ხოლო წინა პანელიდან უსაფრთხოების ბალიშის ორიგინალი საინფორმაციო სტიკერიც კი არ არის აძრობილი. ინტერიერში ყურადღებას იქცევს ალკანტარათი გაწყობილი სპორტული საჭე, ტყავისა და ქსოვილის კომბინირებული სავარძლები და ნახშირბადის ბოჭკოს ელემენტები კარებსა და ტორპედოზე.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში დეტალური მფლობელობის ისტორია არ არის მითითებული, ცნობილია, რომ აპრილში EAG-მა ავტომობილს სრული 10-წლიანი გეგმიური სერვისი ჩაუტარა: შეიცვალა ძრავის ზეთი, სამუხრუჭე და გამაგრილებელი სითხეები, რედუქტორის ზეთი, ასევე სრულად შემოწმდა და დაიტენა კონდიციონერის სისტემა.

ავტომობილი აღჭურვილია ლეგენდარული 4.0-ლიტრიანი ატმოსფერული S65 V8 ძრავით (414 ცხენის ძალა) და 7-სიჩქარიანი M-DCT ავტომატური გადაცემათა კოლოფით. Lime Rock Park-ის გამოშვება ამერიკელი ფანებისთვის განსაკუთრებულ საკულტო სტატუსს ატარებს, რადგან ის ატმოსფერული V8 ძრავების ეპოქის ოფიციალური გამოსამშვიდობებელი აკორდია.

E92-ის ფასების ასეთი მკვეთრი ნახტომი მიანიშნებს, რომ ეს თაობა საბოლოოდ გადავიდა სუფთა საკოლექციო და საინვესტიციო აქტივების კატეგორიაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ასეთი ავტომობილის „კაფსულად“ ქცევა და ავტოფარეხში გამოკეტვა მხოლოდ ფინანსური მოგების მიზნით?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები