დეფექტი, უკან გაწვევა, მაზდა ცეიქს-5, მაზდა, მაზდა ცეიქს-50, მაზდა ცეიქს-30, მაზდა ცეიქს-9
Aa
Aa

Mazda-ს სავარძლების გამო მძღოლებმა სხეულზე დამწვრობები მიიღეს | სარჩელის დეტალები

Mazda სერიოზულ პრობლემებშია. იაპონური ავტომწარმოებლის წინააღმდეგ მძღოლთა ნაწილმა კოლექტიური სარჩელი შეიტანა და ამტკიცებენ, რომ მათ ავტომობილებში არსებული სავარძლებისგან სხეულზე დამწვრობები აღენიშნებათ. ჯერ რაიმეს დაზუსტებით თქმა ნაადრევია, თუმცა დეფექტის ნამდვილობის შემთხვევაში, სარჩელი კომპანიას შესაძლოა $600 მილიონზე მეტიც კი დაუჯდეს.

ასევე დაგაინტერესებთ: რა არის „რიქოლი“ და რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა?

ამჟამად სარჩელს ხელს ხუთი პირი აწერს. ერთ-ერთი მათგანის მტკიცებით, მან მეორადი, 2017 წლის CX-9 2018 წელს შეიძინა, თუმცა სავარძლის დეფექტი 2025 წელს აღმოაჩინა. მისივე თქმით, წინა მგზავრის ბალიში იმდენად გაცხელდა, რომ ზედ დატოვებული ქურთუკი დაიწვა, სავარძელზე კი დიდი დამწვარი ხვრელი დატოვა.

კიდევ ერთი მოსარჩელე კალიფორნიის მკვიდრია, რომლის მტკიცებითაც, მან სავარძლის გათბობის გამო „ფეხებსა და დუნდულებზე რამდენიმე ადგილას დამწვრობა მიიღო“. გავრცელებული ინფორმაციით, მას ნეიროპათია ტანჯავს, რაც ქვედა კიდურებში მგრძნობელობას უზღუდავს. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სავარძლების გამო მას ხერხემლის დაზიანებაც გაუმწვავდა.

სარჩელში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, რასელ კუინი, რომელმაც 2016 წლის Mazda CX-9-ის შეძენიდან ცხრა წლის შემდეგ, მგზავრის სავარძლის გათბობიდან ამომავალი კვამლი შენიშნა. CarComplaints-ის ინფორმაციით, სარჩელზე დაყრდნობით, დილერმა სავარძლების გათბობის სისტემის გათიშვისთვის — რათა იგივე არ განმეორებულიყო — მას $650 გადაახდევინა.

საერთო ჯამში, სარჩელი 2016-2017 წლებში წარმოებულ CX-9-ს, 2018 წლის Mazda6-ს, 2024 წლის CX-30-ს, 2023 წლის CX-50-სა და 2023 წლის CX-5 მოდელებს მოიცავს. დოკუმენტაციის თანახმად, შეკეთებას დაახლოებით 301 549 ავტომობილი საჭიროებს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ ავტომობილების შესაკეთებლად Mazda-ს, შესაძლოა, $662 492 128-ზე მეტის გადახდა დასჭირდეს. დამატებით კი გასათვალისწინებელია კომპენსაციაც, რომელიც Mazda-ს დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მძღოლებმა სავარძლების გამო სხეულის დაზიანებები მართლაც მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები