Ferrari-ს აქციების ფასი Luce-ს წარდგენის შემდეგ დაეცა | „ბაზარმა თავისი სიტყვა თქვა“
25 მაისს, იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ თავისი პირველი, სრულად ელექტრო ავტომობილი, Luce წარადგინა. მოდელს, რომელიც მარანელოს სხვა, აქამდე გამოშვებულ მოდელებს არაფრით ჰგავს, მომხმარებლისგან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ამან გავლენა საფონდო ბირჟაზე Ferrari-ს აქციების ფასზეც იქონია და, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, „ბაზარმა თავისი სიტყვა თქვა“.
ახალი მოდელის გამოჩენას ინვესტორები პესიმიზმით შეხვდნენ. შედეგად, მილანის საფონდო ბირჟაზე Ferrari-ს აქციების ღირებულება 8%-ით დაეცა, აშშ-ში დალისტული აქციების ფასის ვარდნამ კი 5.3% შეადგინა. საერთო ჯამში, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, მილანის საფონდო ბირჟაზე განთავსებული Ferrari-ს აქციების ღირებულება 32%-ზე მეტითაა შემცირებული.

ასევე იხილეთ: Ferrari ახალ ეპოქას ოფიციალურად იწყებს | იტალიელებმა პირველი ელექტრომობილი წარადგინეს
თუმცა, თავად Ferrari-ს გუნდი Luce-ს მიმართ პესიმისტურად ნამდვილად არაა განწყობილი. იტალიური ავტომწარმოებლის გენერალურმა დირექტორმა, ბენედეტო ვინიამ, პრეზენტაციისას სიტყვით გამოსვლისას Luce-ს დებიუტს კომპანიის „უმნიშვნელოვანესი დღე“ და Ferrari-ს ისტორიაში „ახალი თავის“ დასაწყისი უწოდა. გამოცემა CNBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შეძლებს თუ არა კომპანია ახალი მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისე, რომ მისი ერთგული მძღოლები არ დაკარგოს, ვინიამ უპასუხა:
„ახალი ტექნოლოგიის პატივისცემა გვმართებს, რადგან მაშინ, როდესაც ახალ ტექნოლოგიას ნერგავ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ დიზაინში მას სწორად წარმოაჩენ. ასე რომ, დიზაინიც განსხვავებული უნდა იყოს“.

ანალიტიკოსების ვარაუდით, Luce-ს პრეზენტაციის შემდეგ Ferrari-ს აქციების ღირებულების ვარდნა შესაძლოა ავხსნათ როგორც მისი დიზაინის მიმართ მომხმარებლების ნეგატიური დამოკიდებულებით, ასევე სტანდარტული, ბირჟის პრინციპით. მათივე განცხადებით, Ferrari-ს ენთუზიასტების ნაწილი უბრალოდ განაწყენებულია იმ ფაქტით, რომ იტალიური ავტომწარმოებელი ელექტრომობილების კონცეფციას უერთდება. ისინი თვლიან, რომ ამ ნაბიჯით Ferrari ტრადიციებს ღალატობს, რადგან ბრენდი ყოველთვის კლასიკურ დიზაინთან და შიგაწვის ძრავასთან ასოცირდებოდა.
აღნიშნულს კი ემატება ელექტრომობილების კვლევისა და განვითარების კოლოსალური ხარჯები, რაც ინვესტორებს „აფრთხობს“. შედეგად, მათი გადაწყვეტილებებიც შემდგომ დაბანდებებთან დაკავშირებით ბევრად მოზომილი იქნება, რადგან ხარჯების ზრდამ შესაძლოა Ferrari-ს მოგებიანობაზე გავლენა იქონიოს.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
კრიტიკის საპასუხოდ კი ბენედეტო ვინია ამბობს, რომ Luce-ს მძღოლიც ამ ელექტრომობილის მართვით ზუსტად იმ სიამოვნებას მიიღებს, რასაც ტრადიციული მოდელების საჭესთან. განსხვავება შესაძლოა ჟღერადობა იყოს, რაც თითოეული ძრავისთვის უნიკალურია, თუმცა მთავარი ის ემოციაა, რომელსაც მძღოლი ავტომობილის მართვისას განიცდის.