ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, ელექტრომობილი, შარლ ლეკლერი, ფერარი, ფერარი ლუჩე
Aa
Aa

„Luce ძალიან Ferrari-სებრი მოდელია“ | რას ფიქრობენ ჰამილტონი და ლეკლერი ახალ EV-ზე?

სრულიად ლოგიკურია, რომ Ferrari-მ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ავტომობილის პოპულარიზაციისთვის თავის F1-გუნდის ყველაზე პოპულარული სახეები — შარლ ლეკლერი და ლუის ჰამილტონი გამოიყენა.

გასულ წელს იტალიელებმა იგივე ჰიპერქარ F80-ისთვის გააკეთეს, თუმცა ახლა საუბარი რადიკალურად განსხვავებულ პროდუქტზე — Ferrari-ს პირველ ელექტრომობილზე გვაქვს, რომელმაც მარანელოს სუპერქარების მოყვარულთა გულები ჯერ ნამდვილად ვერ მოიგო.

უფრო მეტიც, Luce-ს დებიუტს საფონდო ბირჟებზე Ferrari-ს აქციების ფასების ვარდნაც მოჰყვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, F1-ის მრბოლელებისგან იმ პროდუქტზე, რომელსაც მათი დამსაქმებელი ნახევარ მილიონ ევროზე ძვირად ყიდის, ცუდს ვერაფერს მოისმენთ. რამდენად გულწრფელები არიან ისინი, ეს უკვე თავად შეაფასეთ.

ვრცლად: Ferrari-ს აქციების ფასი Luce-ს წარდგენის შემდეგ დაეცა | „ბაზარმა თავისი სიტყვა თქვა“

შარლ ლეკლერის თქმით, Luce-ს, Ferrari-ს ძველი მოდელებისგან განსხვავებით, სრულიად განსხვავებული დიზაინი აქვს, რაც ერთი შეხედვითაც მარტივი დასანახია, რაშიც ალბათ თითოეული ჩვენგანი ვეთანხმებით. გარდა ამისა, ავტომობილებში ფიზიკური ღილაკების დაბრუნებასაც ალბათ ავტომოყვარულთა დიდი ნაწილი დადებითად შეაფასებს. ამასთან ერთად კი ლეკლერი ამბობს, რომ Luce „ძალიან ფუტურისტულია“, რაც ნამდვილად კარგი სიტყვაა ამ ხუთკარიანი და ხუთადგილიანი ლიფბექის დასახასიათებლად.

„მომავლის ხედვა და ინოვაციების დანერგვა — ეს ნამდვილად Ferrari-ს სტილია“, — ამბობს F1-ის 28 წლის მრბოლელი Ferrari-ს ისტორიაში პირველ ელექტრომობილზე.

ჰამილტონი კი საკითხს სხვა კუთხით უდგება: Ferrari-ს დეტალებზე ყურადღებას უწონებს და ახალ ელექტრომობილს „ძალიან Ferrari-სებრს“ უწოდებს. დიზაინის მიღმა კი ბრიტანელი ჩემპიონი აფასებს იმასაც, თუ რა გრძნობაა Luce-ს მართვა: „სიმძლავრის გადაცემა წარმოუდგენელია. მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც მის საჭესთან ხარ, ცენტრის სტაბილურობას გრძნობ. მაშინაც კი, თუ მოსახვევებში შედიხარ“.

ასევე იხილეთ: Ferrari ახალ ეპოქას ოფიციალურად იწყებს | იტალიელებმა პირველი ელექტრომობილი წარადგინეს

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ვიდეორგოლი მოზომილი და კარგად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია გამოვიდა, მაყურებლების მიერ ვიდეოს ბოლოს დატოვებულ კომენტარებში სრული ქაოსია. დადებითი გამოხმაურების მოსაძებნად კი დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ. ზოგიერთი მომხმარებელი გაკვირვებულიც კი დარჩა, რომ Ferrari-მ კომენტარების სექცია არ დახურა და მათ ფაქტობრივად მკაცრი კრიტიკის კარიბჭე გაუხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები