5 მიზეზი, რატომაც შეიძლება ახალი Lexus GX-ის შეძენა Land Cruiser-ის შეძენაზე მომგებიანი იყოს
Toyota, ალბათ, ერთადერთი ავტომწარმოებელია, რომლის თითოეული ყველგანმავალი შეიძლება „საკულტოდ“ იწოდებოდეს. შესაბამისად, იაპონური ბრენდის ორი მოდელის შედარებისას ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ერთი კონცეფციისა და პლატფორმის მქონე ორ გიგანტს ეხება. Lexus GX-ი და Toyota Land Cruiser-ი ტოიოტას საინჟინრო გენიის საუკეთესო გამოვლინებებია, რომლებიც ნებისმიერი უგზოობის დასაპყრობად მზად არიან, თუმცა რომელი მათგანის ყიდვა სჯობს დღესდღეობით?
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
ორივე მოდელმა ახალი თაობით რევოლუციური ცვლილებები განიცადა: Land Cruiser ბაზარზე სრულიად ახალი რეტრო-დაკუნთული იერითა და ჰიბრიდული ძრავით დაბრუნდა, ხოლო Lexus GX-მა თავისი კუთვნილი პრემიუმ სტატუსი მკაცრი, გეომეტრიული დიზაინითა და ფუფუნებით გაამყარა. ამ სტატიაში შევეცდები დაგიმტკიცოთ, რატომ არის Lexus GX-ის შეძენა უფრო მომგებიანი გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებითაც კი, რომ Land Cruiser-ი 10 000$-ით იაფია.
ძრავის სიმძლავრე და ბუქსირების პოტენციალი
Lexus GX 3.4-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 349 ცხენის ძალასა და 649 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, ამავდროულად კი 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა შეწყვილებული. Toyota Land Cruiser-ს კი 2.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბო-ჰიბრიდული აგრეგატი ამოძრავებს (326 ცხ.ძ, 630 ნიუტონ-მეტრი). მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდს კარგი მომენტალური აჩქარება აქვს, V6-ის რესურსი მაგისტრალსა და მძიმე დატვირთვისას ბევრად სოლიდურია. გარდა ამისა, GX-ის ბუქსირების მაქსიმალური მაჩვენებელი 4125 კილოგრამს აღწევს, მაშინ როცა Land Cruiser-ის ლიმიტი მხოლოდ 2 700 კილოგრამია.

თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, სავარაუდოდ, მდიდრული კლასის SUV-ს მძიმე დატვირთვის ძალიან ცოტა ადამიანი ყიდულობს...
უფრო ტევადი საბარგული
თუ ბუქსირება ნაკლებად მნიშვნელოვანია, თვალს მაინც ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ საბარგულის ტევადობა ნებისმიერი SUV-ისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია — ამ თვალსაზრისით, ორრიგიანი (5-ადგილიანი) კომპლექტაციის შემთხვევაში, Lexus GX მომხმარებელს შთამბეჭდავ 2.56 კუბურ მეტრ სივრცეს სთავაზობს. Land Cruiser-ის საბარგულის მაქსიმალური მოცულობა კი 2.3 კუბური მეტრია. ეს სხვაობა ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ტოიოტას საბარგულის იატაკის ქვეშ ჰიბრიდული სისტემის ელემენტების ბლოკია განთავსებული, რაც მფლობელს სივრცეს ართმევს, GX-ის ტრადიციული არქიტექტურა კი ბარგისთვის მეტ ადგილს ტოვებს.

პრემიუმ კლასის დახვეწილი ინტერიერი
ლექსუსის სალონი ნამდვილი შედევრია — აქ ხელმისაწვდომია ნამდვილი Nappa-ს ტყავის გაფორმება, ხის ელემენტები, მასაჟორებიანი სავარძლები და სტანდარტული 14-დუიმიანი ცენტრალური მულტიმედია ეკრანი. ტოიოტას ინტერიერი მარტივი, სიმპათიური და ფუნქციურია, თუმცა საბაზისო მოდელში მხოლოდ 8-დუიმიანი ეკრანით მოდის, გამოყენებული მასალები კი აშკარად უფრო მარტივი, ნაკლებად ხარისხიანი და პლასტმასით დატვირთულია.

მეტი სივრცე სალონში და მესამე რიგი
დიდი ოჯახებისთვის არჩევანი მარტივია — Toyota Land Cruiser ექსკლუზიურად მხოლოდ 5-ადგილიანი (ორრიგიანი) მოდელია. Lexus GX კი ხელმისაწვდომია როგორც ორ, ისე სამრიგიანი კონფიგურაციით. ამასთანავე, მყიდველს შეუძლია მეორე რიგში აირჩიოს ან მთლიანი სავარძელი (Bench seat), ან უფრო კომფორტული, დამოუკიდებელი სავარძლები. აღსანიშნავია ისიც, რომ GX-ის მეორე რიგში ფეხებისთვის უფრო მეტი სივრცეა, ვიდრე ტოიოტაში.
უკეთესი კლირენსი
თუ სტანდარტულ ვერსიებში Land Cruiser-ს მცირე უპირატესობა აქვს (8.7 დუიმი GX-ის 8.66-ის წინააღმდეგ), უგზოობაზე გათვლილი ექსტრემალური კომპლექტაცია Overtail-ი ლექსუსს სრულ დომინაციას ანიჭებს. 33-დუიმიანი All-terrain საბურავებისა და დაკიდების სპეციალური გეომეტრიის წყალობით, GX Overtrail-ის კლირენსი 9.84 დუიმს (25 სმ) შეადგენს, რაც რთული რელიეფის გადალახვისას გადამწყვეტი უპირატესობაა.

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინეთ, რომ Land Cruiser-იც ლეგენდარული სახელია, რომელიც ახლა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა მეორე მხრივ, GX გვთავაზობს კლასიკურ კავშირს V6 Turbo ძრავთან, მეტ პრაქტიკულობასა და უმაღლესი დონის კომფორტს.

როგორ ფიქრობთ, ამართლებს თუ არა ეს 5 უპირატესობა $10 000-იან საფასო სხვაობას და პირადად თქვენ რომელი აგრეგატი გესიმპათიურებათ ასეთ მძიმე SUV-ებში — ახალი 4-ცილინდრიანი ტურბო-ჰიბრიდი თუ ტრადიციული, მძლავრი ბიტურბო V6?