ოცნება დასრულდა — ახალი Dodge Viper-ი აღარ გამოვა
Mopar-ის, SRT-ისა და Dodge-ის ფანებისთვის, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ლეგენდარული Dodge Viper-ის წარმოება მეექვსე თაობით აღდგებოდა, სამწუხარო ახალი ამბავი გვაქვს — ეს არ მოხდება.
ასევე იხილეთ: რატომ ეშინოდა ჰენრი ფორდს ძმები დოჯების? - დოჯის ისტორია
ავტოშოუებისა და პოდკასტების ბოლო ეპიზოდებში, კერძოდ The Drive-ის პოდკასტში — The Drivecast, SRT-ის ხელმძღვანელმა და „Hellcat-ების მამამ“, ტიმ კუნისკისმა პირდაპირ განაცხადა, რომ Viper-ის ერა დასრულდა: „რამდენადაც არ უნდა მტკიოდეს ამის თქმა, მან თავისი სასიცოცხლო ციკლის ბოლოს მიაღწია.“
რამ მოკლა ასპიტი?
ავტოკრიტიკოსებისა და ენთუზიასტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ Viper-ის წარმოების შეწყვეტა 8.4-ლიტრიანი კოლოსალური V10 ძრავის გამონაბოლქვს ან დაბალ გაყიდვებს უკავშირდებოდა, თუმცა კუნისკისმა სრულიად სხვა, მოულოდნელი მიზეზი დაასახელა: უსაფრთხოების ახალი რეგულაციები (Ejection Mitigation Rule).

მისი განმარტებით, ფედერალური სტანდარტების მიხედვით, ავტომობილიდან მგზავრის გადავარდნის/გავარდნის თავიდან ასაცილებლად, სალონში უსაფრთხოების ბალიშები პირდაპირ მძღოლის თავზე, ყურის გასწვრივ უნდა განთავსებულიყო. Viper-ის სპეციფიკური, უკომპრომისოდ ვიწრო და დაბალი სალონის არქიტექტურის გამო კი ამის ინტეგრირება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. კაბინის სრული ცვლილება კი ფინანსურად არარენტაბელური აღმოჩნდა.
ანალოგური გმირი ციფრულ ეპოქაში
„ამ მანქანის სარბოლო პოტენციალი ტრეკზე აბსოლუტურად განცვიფრებელი იყო. ის იყო სუფთა ანალოგური მანქანა, მექანიკური გადაცემათა კოლოფით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ჰიპერქარს უწევდა კონკურენციას. ტექნოლოგიებს მნიშვნელობა არ ჰქონდა — ის უბრალოდ ზედმეტად კარგი იყო.“, — განაცხადა კუნისკისმა, რომელიც Viper-ს თავადაც ფლობს.
თუმცა, რეალობისთვის თვალის გასწორებაც საჭიროა. თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიაში პერფორმანსის ახალი ნიშნულები ორმაგი გადაბმულობის ავტომატურ ტრანსმისიებზე (Dual-clutch) გადავიდა. კუნისკისის თქმით, დღევანდელ რეალობაში Viper-საც აუცილებლად დასჭირდებოდა ავტომატური კოლოფი, რაც მისი პირვანდელი, უხეში და ანალოგური ფილოსოფიის გათვალისწინებით, ფანებისთვის რთული მისაღები იქნებოდა.

საინტერესოა, რომ SRT-ის შეფი აღფრთოვანებას ვერ მალავს კონკურენტი Chevrolet Corvette C8-ის ინჟინერიით: „მე სულ ვფიქრობ C8-ზე. მისი საინჟინრო გადაწყვეტა წარმოუდგენლად შთამბეჭდავია“. თუმცა იქვე დასძენს, რომ Dodge არ აპირებს Corvette-ის პირდაპირი კონკურენტის შექმნას: „Viper სპორტული მანქანა იყო, ჩვენ კი ახლა სხვა მიმართულებით მივდივართ“.
Viper-ის ლეგენდა დასრულდა, თუმცა Stellantis-ის სამომავლო გეგმებში უკვე ჩნდება ახალი, შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოდელი — Dodge Copperhead SRT — როგორც ჩანს, ამერიკული ავტომწარმოებელი გველებისთვის თავის დანებებას არ აპირებს.