ფორმულა 1, კვლევა, ბოლიდი, ფორმულა 1-ის ბოლიდები
Aa
Aa

რა ჯდება რეალურად Formula 1-ის ბოლიდის წარმოება?

არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Formula 1 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სპორტია. ჩემპიონატის მწვერვალამდე მიღწევა დამწყები მრბოლელებისთვის კოლოსალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ კი, თავად სპორტის ეს სახეობა სპონსორებისგან და გუნდებისგან ასტრონომიულ ინვესტიციებს მოითხოვს. საბოლოო ჯამში, Formula 1-ში მონაწილეობა ნებისმიერი მხარისთვის უზარმაზარ ფინანსებთან ასოცირდება.

ასევე იხილეთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?

ალბათ იმაზეც ხშირად დაფიქრებულხართ, თუ რა ჯდება რეალურად Formula 1-ის ბოლიდის დამზადება. ეს ხარჯი, რა თქმა უნდა, წარმოების ღირებულებასთან ერთად ისეთ ძვირადღირებულ ნაწილებს მოიცავს, როგორებიც ძრავა, საბურავები და სხვა კომპონენტებია. საერთო ჯამში კი, ყველა დეტალის გათვალისწინებით, საბოლოო ფასი სულ უფრო დაუჯერებელი ხდება და ყველაზე მდიდარ კოლექციონერებსაც კი მისი შეძენა გაუჭირდებათ.

F1-ის ბოლიდების ღირებულება ჯერ კიდევ ძრავის ფასის დათვლამდე იწყებს ზრდას. ერთი შეხედვით, F1-ის მანქანა არ ჰგავს იმას, რაც ათეულობით მილიონი დოლარი უნდა ღირდეს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სწორედ ასეა. ამას ერთი მარტივი ახსნა აქვს: მოტოსპორტის მთავარ ჩემპიონატში მოასპარეზე ბოლიდები უმაღლესი ხარისხის მასალებისგანაა დამზადებული. F1-ის მანქანები შექმნილია იმისთვის, რომ კოლოსალურ დატვირთვას გაუძლოს და ამავდროულად სიმსუბუქეც მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

გამოცემა Motor Sport Magazine-ის შეფასებით, მხოლოდ კარბონის მონოკოკი, რომელიც მრბოლის გარშემო მთავარ დამცავ ბარიერს ქმნის, დაახლოებით 707 ათასი აშშ დოლარი ჯდება. სპოილერის ღირებულება $150 000-ს აღწევს, მაშინ როდესაც უკანა ფრთა დაახლოებით $85 000 ღირს. ჰალო უსაფრთხოების სისტემა, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი მრბოლელი სერიოზული დაზიანებებისგან იხსნა, $17 000-მდე ღირს. დამატებით, გადაცემათა კოლოფი F1-ის გუნდებს თითო ბოლიდისთვის შეიძლება $354 000 დაუჯდეთ, ჰიდრავლიკური სისტემა — $170 000, ხოლო F1-ის სპეციალიზებული საჭე — $50 000.

Formula 1-ის ბოლიდებისთვის საწვავის ავზიც კი სპეციალიზებული აღჭურვილობის ნაწილია, რომლის ფასიც ათიათასობით დოლარს აღწევს. ამ ყველაფერთან შედარებით კი, Pirelli-ს საბურავების კომპლექტის ღირებულება შესაძლოა საკმაოდ „ხელმისაწვდომად“ მოგეჩვენოთ, თუმცა ერთი კომპლექტი თითქმის 3 000 აშშ დოლარი ჯდება. ფასი კი ყოველ დამატებით კომპონენტთან ერთად კატასტროფულად იზრდება.

თუმცა, ყველაზე ძვირადღირებული, რა თქმა უნდა, ძრავის ბლოკია. F1-ის ანალიტიკაზე ფოკუსირებულ ერთ-ერთ ვიდეოში მხოლოდ ძრავის ღირებულება დაახლოებით $10.5 მილიონ დოლარადაა შეფასებული — შედეგად გამოდის, რომ ბოლიდის ღირებულების დიდი ნაწილი სწორედ ძრავაზე მოდის.

საერთო ჯამში, Motor Sport Magazine-ის კვლევით, თანამედროვე F1-ის ბოლიდების წარმოების მთლიანი ღირებულება $20.6 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტია — აქედან ყველაზე დიდი წილი ჰიბრიდული ძრავის ბლოკსა და აკუმულატორის სისტემებზე მოდის. თუმცა ეს გიგანტური თანხებიც არ ასახავს ბოლომდე რეალურ სურათს. Formula 1-ის ბოლიდისთვის კონკრეტული ფასის მიწერა გაგვიჭირდება, რადგან ცალკეული გუნდები მუდმივ განახლებებს გვთავაზობენ და შესაბამისად, ფასიც ცვალებადია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები