ელექტრომობილი, ბენედეტო ვინია, ფერარი, ფერარი ლუჩე
Aa
Aa

Ferrari ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას არ შეწყვეტს

Luce-ს გამოშვების შემდეგაც იტალიური ავტომწარმოებელი მომხმარებელს ძრავების ფართო არჩევანს შესთავაზებს.

გასულ კვირას Ferrari კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც თავის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი, Ferrari Luce წარადგინა. სრულიად ახალი ავტომობილის შესაძლებლობები და ის ფაქტიც რომ უკან გადავდოთ, რომ Luce ელექტრომობილია, ავტომოყვარულები დიდად არც მისი დიზაინით მოიხიბლნენ. Luce-ს წარდგენას კი, ყველა სიკეთესთან ერთად, Ferrari-ს აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა.

ასევე იხილეთ: Ferrari ახალ ეპოქას ოფიციალურად იწყებს | იტალიელებმა პირველი ელექტრომობილი წარადგინეს

თუმცა Ferrari თავის გულშემატკივრებს ამშვიდებს და მათ ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებას მომავალშიც ჰპირდება. ავსტრიულ გამოცემა Drive-თან საუბრისას Ferrari-ს ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენედეტო ვინიამ, რომელსაც Luce-ს დებიუტის შემდეგ მისი დაცვაც კი დასჭირდა, განაცხადა, რომ ავტომწარმოებელი შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოებას კვლავ გააგრძელებს. მისივე თქმით, Ferrari-ს პორტფოლიოში სამი ტიპის ძრავაა შეთავაზებული:

„ჩვენ გვაქვს შიგაწვის ძრავა, გვაქვს ჰიბრიდი და გვაქვს ელექტრო. წერტილი. კლიენტს თავად შეუძლია აირჩიოს ის, რაც სურს“.

ვინიას თქმით, Ferrari-ს ისეთი კლიენტებიც ჰყავს, რომლებიც ავტომობილებს მათგან მხოლოდ ერთი პირობით შეიძენენ — თუ ავტომწარმოებელი მათ ელექტრომობილს შესთავაზებს. Ferrari-მ მათი მოთხოვნაც გაითვალისწინა. „თუ დაელოდები, სანამ კლიენტი თავად მოგთხოვს ამას, უკვე ძალიან გვიანი იქნება“, — აღნიშნა Ferrari-ს ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari

შეგახსენებთ, რომ Ferrari Luce ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც კომბინირებულად დაახლოებით 1 050 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. შედეგად, იტალიური ელექტრომობილი 100 კმ/სთ-მდე 2.5 წამში ჩქარდება, ხოლო 200 კმ/სთ-ს სულ რაღაც 6.8 წამში ავითარებს. მართალია, კრიტიკა დიდია, მაგრამ ვინია ამბობს, რომ Ferrari-ს ელექტრომობილს თავისი სეგმენტი ჰყავს: „ტექნოლოგიას კი მნიშვნელობა არ აქვს და მთავარია ხალხს ისეთი რამ შესთავაზონ, რაც მოეწონებათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები