როგორ დასცინეს სხვადასხვა კომპანიებმა Ferrari Luce-ს?
ახალი, სრულიად ელექტრო Ferrari Luce-ს წარდგენიდან სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა და ის ჯერჯერობით ისევ ინტერნეტსივრცის მთავარი სამიზნეა. კრიტიკოსებმა მისი დიზაინი მიწასთან გაასწორეს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული რენდერები კი ვირუსულად გავრცელდა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მარტივად შეიძლებოდა ვიზუალის გამოსწორება... მცირე ვარდნა განიცადა კომპანიის აქციების ფასმაც.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ ფერარის გაშარჟებისგან შოკოლადის ბრენდმა Toblerone-მაც კი ვერ შეიკავა თავი. ფერარის ლეგენდარულმა ყოფილმა შეფმა, ლუკა დი მონტეძემოლომ კი ირიბად მიანიშნა, რომ Luce იმდენად საშინლად გამოიყურება, რომ მის კოპირებას ჩინელებიც კი არ იკადრებდნენ. ამ საყოველთაო „ტროლაობას“ იაპონური გიგანტები — Mazda და Nissan-იც შეუერთდნენ.
Mazda და ისტორიული სახელის პასუხი
პირველი რეაქცია Mazda-სგან წამოვიდა. კომპანიამ სოციალურ ქსელში უბრალოდ გამოაქვეყნა 1960-იან წლებში გამოშვებული Mazda Luce SS-ის ფოტო. როგორც ირკვევა, ფერარიმ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩუმად დაარეგისტრირა საერთაშორისო სავაჭრო ნიშანი სახელზე Luce, მას შემდეგ, რაც იაპონურ ავტომწარმოებელს ლიცენზიის ვადა ამოეწურა.
View this post on Instagram
მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ ბრენდს ამ სახელის გამოყენება აღარ შეუძლია, ფაქტია: ორიგინალური კლასიკური Mazda Luce ბევრად უფრო დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე ფერარის ახალი ელექტრომობილი.
მალევე საქმეში Nissan-ის ირლანდიური წარმომადგენლობაც ჩაერთო. მას შემდეგ, რაც Ferrari Luce-ს პრეზენტაცია შედგა, ავტოენთუზიასტებმა ინტერნეტში მისი შედარება ახალ Nissan Leaf-თან დაიწყეს და მათი გვერდითი პროფილების ფოტოები გამოაქვეყნეს.
„ვაღიარებთ, ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ამბობენ, რომ მიბაძვა კომპლიმენტის ყველაზე გულწრფელი ფორმაა, ასე რომ, მადლობა Ferrari-ს“, — წერდა Nissan Ireland-ი.
მთავარი მსგავსება, რაც ამ ორ მანქანას შორის თვალში გვხვდება, არის ორფერიანი (შავ-ლურჯი) საღებავის კომბინაცია, რომლითაც ორივე მოდელი იყო წარდგენილი. ასევე, შეიძლება პარალელის გავლება უკანა საბარგულის ფორმასა და ზღურბლებზე, თუმცა რეალურად, Luce და Leaf ერთმანეთს მაინცდამაინც არ გვანან. როგორც ჩანს, Nissan-ის სოციალური მედიის მენეჯერს ხელმძღვანელობამ მალევე დაურეკა, რადგან პოსტი გამოქვეყნებიდან მოკლე დროში წაიშალა.
POV: You’re charging your new Ferrari Luce pic.twitter.com/L86GfLVzSV
— Apple Design (@TheAppleDesign) May 25, 2026
ყველაზე სასაცილო მიმი კი, რაც ამ დღეებში ინტერნეტში ტრიალებს, არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კოლაჟი, სადაც Ferrari Luce Apple-ის კომპიუტერულ მაუსთანაა შედარებული. თუმცა, თუ ეს ექსცენტრული ელექტრომობილი გაყიდვების კარგ ციფრებს აჩვენებს, მარანელოში ბოლო სიცილის უფლება მაინც ფერარის დარჩება.