Honda Accord-ი საფუძვლიანად შეიცვლება და ფუტურისტულ დიზაინს მიიღებს
Honda Accord-ი თავის არსებობის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. იაპონური კომპანია არ აპირებს მხოლოდ მოდელის მდიდარი მემკვიდრეობით ფონს გასვლას და, გავრცელებული ინფორმაციით, გეგმავს ისეთ მასშტაბურ შუალედურ განახლებას, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალი თაობის შთაბეჭდილებას შეუქმნის.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda
ამჟამინდელი, მე-11 თაობის სედანი ბაზარზე 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმური განახლების დრო სწორედ ახლა დგას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ჩინურ ბაზარზე ოდნავ მოდიფიცირებული ვერსია გამოჩნდა, ამერიკული სპეციფიკაციის (US-spec) მოდელი პრაქტიკულად უცვლელი რჩებოდა.
გამოცემა Automotive News-ის შიდა წყაროებზე დაყრდნობით, ახალი Accord-ი უარს იტყვის დღევანდელ კონსერვატიულ, „უსაფრთხო“ დიზაინზე და ბევრად „თანამედროვე და ფუტურისტულ“ იერსახეს მიიღებს.

ინსაიდერების თქმით, ავტომობილს ექნება უფრო ვიწრო ცხაურა და დახვეწილი, თხელი წინა მაშუქები. ასევე, უფრო ბასრი, აგრესიული და კუთხოვანი უკანა ნაწილი სრულიად ახალი სტოპ-სიგნალებით. შეიცვლება სახურავის ხაზიც — ის უფრო დადაბლდება და სტილს გასულ თვეში წარდგენილი Honda Hybrid Sedan Prototype-ისგან ისესხებს. ინტერიერში მძღოლებს უფრო დიდი მულტიმედიური ეკრანი და მაქსიმალურად ერგონომიული სალონი ელოდებათ.

ვიზუალური მხარის გარდა, ჰიბრიდული Accord-ი, სავარაუდოდ, მიიღებს S+ Shift სისტემას, რომელიც უკვე სპორტულ Prelude-სა და იაპონური ბაზრის Civic-ში გვხვდება. ეს ტექნოლოგია e:HEV ჰიბრიდულ ტრანსმისიასთან წყვილში მექანიკური გადაცემათა კოლოფის იმიტაციას (ვირტუალურ სიჩქარეებს) ამატებს, რაც მართვის პროცესს ბევრად უფრო დინამიკურს, ჩამთრევსა და სპორტულს ხდის.

ბაზრის პოზიციები და მომავალი
სუფთა ბენზინის ძრავიანი ვერსიები ბაზარზე 2030 წლის დასაწყისამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც, შემდეგი სრული რესტაილინგის ფარგლებში, მოდელი სრულად ჰიბრიდულ პლატფორმაზე გადავა.
ამერიკულ ბაზარზე Accord-ის მთავარ კონკურენტებად კვლავ Toyota Camry, Hyundai Sonata და Nissan Altima რჩებიან. მიმდინარე 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, Accord-მა, Civic-მა და Prelude-მა ერთად აშშ-ში Honda-ს მთლიანი გაყიდვების თითქმის მესამედი შეადგინეს, რამაც ბრენდის წილი სედანების სეგმენტში 15.9%-მდე გაზარდა. უშუალოდ Accord-ს თავის კლასში 21.5%-იანი წილი უჭირავს (37 317 გაყიდული ერთეული პირველ კვარტალში) და საპატიო მეორე ადგილზეა Toyota Camry-ს შემდეგ.
