BMW ადასტურებს: მომდევნო თაობის M3 „ჰიბრიდი არ იქნება“
M3-ის ახალი თაობა ბაზარზე მხოლოდ შიგაწვის ძრავითა და სრულიად ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი — ჰიბრიდი M3-ის გამოშვება გეგმაში არაა.
PistonHeads-თან ინტერვიუში BMW M-ის ხელმძღვანელმა, ფრენკ ვან მილმა დაადასტურა, რომ შემდეგი თაობის M3 „ჰიბრიდი არ იქნება და კომპანია სრულყოფილი შიგაწვის ძრავის პრინციპს მისდევს“. შედეგად, უამრავი ჭორის მიუხედავად, წარსულს ჩაბარდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ამ მოდელის ხაზში გარდამავალი პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსიაც იარსებებს.
ასევე დაგაინტერესებთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
ამის ნაცვლად, M3-ის შეძენის მსურველებს არჩევანის გაკეთება მხოლოდ ორ ვერსიას შორის მოუწევთ — შიგაწვის ძრავით აღჭურვილი მოდელისა და სრულად ელექტრომობილის.
ასევე დაგაინტერესებთ: BMW-მ ახალი M Concept Neue Klasse წარადგინა

განახლებული S58 ძრავა და M Ignite ტექნოლოგია
M3-ის ტრადიციული ვერსიის კაპოტქვეშ მძღოლებს განახლებული 6-ცილინდრიანი S58 ძრავა დახვდებათ, რომელიც M Ignite ტექნოლოგიით აღიჭურვება. განახლებულ აგრეგატს პირველად მიმდინარე წლის M3 და M4 მოდელებში ვიხილავთ, რის შემდეგაც გერმანული ავტომწარმოებელი მას უკვე M-ის სხვა მოდელებშიც გამოიყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ BMW სრულფასოვანი ჰიბრიდის შექმნას არ აპირებს, S58-ით აღჭურვილ მოდელს სიმბოლური ელექტრიფიკაციით მაინც ვიხილავთ. კერძოდ, ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, 48-ვოლტიან mild-ჰიბრიდ სისტემას მიიღებს, ახალი BMW M5-ისგან განსხვავებით, რომელსაც პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა აქვს.

ფრენკ ვან მილის თქმით, ძალოვანი აგრეგატების ასეთი მკვეთრი გამიჯვნა ავტომწარმოებელს საშუალებას აძლევს „უკიდურესობებამდე წავიდეს“ და მომხმარებელს მაქსიმუმი შესთავაზოს. შიგაწვის ძრავით აღჭურვილი ვერსიები განკუთვნილი იქნება ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ავტომობილს მართვის სუფთა გამოცდილების მიღებისა და ძრავის ჟღერადობის გამო ყიდულობენ. Neue Klasse-ს პლატფორმა კი მათ საშუალებას აძლევს შექმნან „საღაც საკმარისად ექსტრემალური“, ფრენკ ვან მილი კი მომხმარებელს დაჰპირდა, რომ ელექტროვერსია არა მხოლოდ სწორ გზაზე, არამედ სარბოლო ტრეკზეც წარმოუდგენლად სწრაფი იქნება.