BMW M-ის „დასაწევად“ Mercedes-AMG 27 ახალ მოდელს გამოუშვებს
4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავა და ახალი 6-ცილინდრიანი აგრეგატი AMG-ის გეგმის მთავარი საყრდენია.
Mercedes-AMG-ის ამბიციური გეგმები აქვს და მისი მთავარი კონკურენტი, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, BMW-ის M-დივიზიონია. თუმცა მიუნხენელებისთვის გაყიდვების მაჩვენებელში მყარი კონკურენციის გაწევა მარტივი ამბავი ნამდვილად არ იქნება, რაც Mercedes-ის გუნდმაც კარგად იცის და ამისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, 27 ახალ მოდელს ამზადებს.
ასევე დაგაიტერესებთ: AMG, M, SRT... - რას ნიშნავს სპორტული ავტომობილების აკრონიმები?
გასულ წელს, Mercedes-ის AMG-დანაყოფმა 12 თვის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით 145 000 ავტომობილი გაყიდა, ხოლო BMW M-მა — 213 000-ზე ოდნავ მეტი. AMG-მ ლოს-ანჯელესში, ინვესტორების გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ 2030 წლისთვის გაყიდვების წლიური მაჩვენებელი სულ მცირე 200 000-მდე უნდა გაიზარდოს და ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად კომპანია მომდევნო 36 თვის განმავლობაში 27-ზე მეტ ახალ მოდელს გამოუშვებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმა ზრდაა. ამისთვის ბევრი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. პროდუქტები ახლა დამუშავების პროცესშია და თქვენ უბრალოდ სიახლეებისთვის დალოდება გმართებთ, რადგან მომდევნო 36 თვეში მხოლოდ Mercedes-AMG-სთვის 27-ზე მეტ ავტომობილს გამოვუშვებთ“, — განუცხადა Mercedes-AMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ შიბემ Auto News-ს.

გერმანული მარკის ერთ-ერთი უახლესი მოდელი სრულად ელექტრო Mercedes-AMG GT 4-Door-ია. მოდელი, რომელიც Mercedes-მა ისეთი მონსტრებისთვის კონკურენციის გასაწევად შეიმუშავა, როგორებიცაა Porsche Taycan-ი და Audi e-tron GT. Mercedes-AMG GT 4-Door-ის სრულ მიმოხილვას ქვემოთ მითითებულ ლინკზე გაეცნობით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Taycan-ისა და e-tron GT-ის წარმოება რაოდენობრივად შედარებით შეზღუდულია და შესაძლოა, AMG GT-სგანაც იგივეს უნდა ველოდოთ.
იხილეთ: Mercedes-AMG-ს ახალი სუპერსედანით Porsche Taycan-ის განადგურება სურს
ბევრად მნიშვნელოვანი კი Mercedes-AMG-ის გეგმაში ძრავებია — მათ შორის ერთი, 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავა გახლავთ (მუხლა ლილვით ერთ სიბრტყეში), რომელიც პირველად ახალ Mercedes-Benz S-Class-ში ვიხილეთ. ამ ეტაპზე უცნობია, AMG-ის კიდევ რომელი მოდელები მიიღებენ ამ აგრეგატს, თუმცა, როგორც ჩანს, პირველი CLE 63 Mythos იქნება. ასევე, ეს ძრავა გამოჩნდება Mercedes-AMG GT Black Series-სა და მის სარბოლო ანალოგ GT3-ში და დიდი შანსია, რომ C 63-საც მოერგოს.

უნდა აღინიშნოს, რომ AMG მხოლოდ ამ V8 ძრავაზე არ იქნება დამოკიდებული, რადგან გერმანელები მის პარალელურად 6-ცილინდრიან აგრეგატსაც ავითარებენ.
საერთო ჯამში, დაანონსებული ზრდის ფარგლებში, Mercedes-AMG გლობალურ გაფართოებას ისახავს მიზნად, მათ შორის — ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ამჟამად მისი გაყიდვების მესამედზე მეტს შეადგენს. გეგმა ასევე ითვალისწინებს გაფართოებას ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.