ფორმულა 1, აირტონ სენა, მაკლარენი, სპორტქარი, ნიკოლას ენ1ეი
Aa
Aa

ადამიანი, რომელმაც ჯერ აირტონ სენას McLaren-ი შექმნა და შემდგომ ეს, 700 ცხ.ძ-იანი სპორტქარი

სტივ ნიკოლსი Formula 1-ის ყოფილი ინჟინერია, რომელიც ლეგენდარული ბრაზილიელის, აირტონ სენას უკომპრომისო სარბოლო ავტომობილის უკან დგას.

თქვენ წინაშეა სუპერქარი სახელწოდებით Nichols N1A, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი მილიონერის ავტოფარეხში აღმოჩნდეს — ისეთი მოდელების გვერდით, როგორებიც Ferrari-ს, Lamborghini-ს, Porsche-სა თუ Bugatti-ს შეუქმნიათ. თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ ბრენდის ისტორია და მემკვიდრეობა არ არის, რადგან ნიკოლსმა ბრიტანული მარკა სულ ახლახან, 2017 წელს დააფუძნა.

თუმცა ეს ნამდვილად არის ის, რასაც დიდი გამოცდილება ჰქვია. სტივ ნიკოლსი 1980-იან წლებში McLaren-ის მთავარი დიზაინერი გახლდათ და სხვა ბოლიდებთან ერთად, ისეთი ლეგენდარული მოდელის შექმნასაც უნდა ვუმადლოდეთ, როგორიც McLaren MP4/4-ია. ამ მოდელით აირტონ სენამ 1988 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რა გასაკვირია, რომ ამ ისტორიის ფონზე ავტომობილმა ჩვენშიც ბევრად უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია.

კონცეფცია და can-Am-ის მემკვიდრეობა: N1A ე.წ. „ბარკეტას“ ტიპის ღია სპორტქარია, რომლის დიზაინიც Can-Am-ის სერიაში მონაწილე სარბოლო ავტომობილებისგანაა ინსპირირებული. ამ ჩემპიონატში რეგულაციები თითქმის არანაირ შეზღუდვას არ აწესებდა — მთავარი მოთხოვნა ორი სავარძელი, მაშუქები და უსაფრთხოების ღვედები იყო. ვინაიდან McLaren-ი 1967-1971 წლებში ამ კატეგორიაში სრულად დომინირებდა, ნიკოლსს რეტრო სტილის პროექტის იდეაც სწორედ აქედან დაებადა.

N1A-ს წარმოება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით — 150-ზე ნაკლები ეგზემპლარით შემოიფარგლება. წარმოება 15 სასტარტო ერთეულით უკვე დაწყებულია (სიმბოლურად, რადგან MP4/4-მა 1988 წელს 15 რბოლა მოიგო) და მათ Icon 88 ეწოდებათ. სასტარტო ავტომობილების სიგრძე 4.3 მეტრია, სიგანე — 1.76 მეტრი, სიმაღლე კი მხოლოდ 99 სანტიმეტრი. მილიონერ კოლექციონერებს ეს ავტომობილი, მისი ლეგენდარული შექმნელის გარდა, ულტრამსუბუქი კონსტრუქციით, რეტრო იერითა და can-Am-ის ეპოქის ძრავების მსგავსი აგრეგატით მიიზიდავს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ახალი მოდელისთვის ძრავის ორი ვერსია აირჩიოს:

საბაზისო ვერსია: Chevrolet-ის 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8, რომელიც 475 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ტოპ ვერსია: Chevrolet V8, თუმცა 7 ლიტრამდე გაზრდილი მოცულობითა და 700 ცხენის ძალის სიმძლავრით, რაც ტრასაზე მას Porsche-ს ან Ferrari-ს ღირსეულ კონკურენტად აქცევს.

ასევე იხილეთ: TOP-ი: 10 ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი

კონკურენცია კი კიდევ უფრო მძაფრდება ამ მოდელის წონის გათვალისწინებით: ალუმინისა და კარბონის ძარის წყალობით, ის 900 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. მიუხედავად ასეთი სიმსუბუქისა და 700-ცხენისძალიანი ძრავისა, მოდელი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მაინც 3.5 წამს ანდომებს, რაც თანამედროვე სტანდარტებით შედარებით მოკრძალებული შედეგია. მაქსიმალური სიჩქარე ამ დროისთვის არ გამჟღავნებულა.

რაც შეეხება ღირებულებას, საბაზისო ვერსიების ფასი გადასახადების გარეშე 530 000 ევროდან იწყება, ხოლო პირველი 15 ეგზემპლარის (Icon 88) საწყისი ფასი 590 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები