მერსედესი, ბიემვი ემ4, მერსედეს ეიემჯი სი63, მერსედეს ეიემჯი
Aa
Aa

BMW M4-ზე უკეთესი? | Mercedes-AMG CLE 63 ლეგენდარული V8 ძრავით ბრუნდება!

თუ თქვენ ამჟამად ბაზარზე V8 ძრავით აღჭურვილი Mercedes-ის კუპეს ძიებაში ხართ, მაშინ საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტის გადადება დაგჭირდებათ — მსგავსი ტიპის ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია ახლა AMG GT 55-ია და მისი ღირებულება $138,000-ს მცირედით აღემატება. დამეთანხმებით, ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სტანდარტული CLE Coupe-ს ფასი $59,550-დან იწყება.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „მერსედესს“ ოდესმე შეუქმნია

შტუტგარტში თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ ამ მოდელს V8 ძრავა სრულებით არ სჭირდებოდა. სწორედ ამ მიზეზით, არსებული საწარმოო ხაზის ფლაგმანი AMG CLE 53 გახლავთ ($76,300), რომელიც 3-ლიტრიანი ტურბირებული 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 443 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია სიმძლავრით ლეგენდარულ BMW M4-თან საკმაოდ ახლოსაა, ნამდვილი AMG-ის ფანებისთვის 6 ცილინდრი მაინც დიდ კომპრომისს ნიშნავდა — ამ კლასის ავტომობილი ტრადიციული V8 ძრავის ხასიათისა და ჟღერადობის გარეშე ხომ თითქმის წარმოუდგენელია!

როგორც ჩანს, გერმანულმა გიგანტმა კრიტიკა მიიღო და გაითვალისწინა კიდეც. პაპარაცებმა ახალი AMG CLE 63-ის სატესტო პროტოტიპი ღია კაპოტით დააფიქსირეს და აგრეგატის გადაღებაც მოასწრეს. ამ კადრებში კი 4-ლიტრიან ტვინტურბო V8-ს (AMG M177 Evo) ვხედავთ, რომლის გამოჩენაც წესით ბევრს გაუხარდებოდა.

შედარებისთვის, იგივე ძრავი GLE 63 S-ში წარმოუდგენელ 603 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. შედეგად, ეს მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია 53-ე ვერსიასთან შედარებით და ნამდვილი საჩუქარია იმ ავტომოყვარულებისთვის, რომელთაც CLE-ზე უარის თქმა სწორედ V8-ის არქონის გამო უწევდათ. ასე რომ, ბავარიულ კონკურენტს მართლაც რთული დღეები ელის წინ.

უნდა აღინიშნოს, რომ სიმძლავრის ზრდასთან ერთად, ეს მოდელი მცირე ვიზუალურ განახლებებსაც მიიღებს. მაგრამ აი აქ უკვე, ახალი დიზაინერული ელემენტები არაა გამორიცხული, რომ ბევრის გემოვნებას არ მოერგოს. მათ შორისაა ვარსკვლავური განათება, რომელიც Mercedes-მა ამ ბოლო დროს ასე ძალიან შეიყვარა, ასევე აგრესიული დიზაინის უკანა ნაწილი — სპორტული ბამპერი, განახლებული დიფუზორი და, ბოლოს, 63-ის სავიზიტო ბარათი — 4-ლულიანი, კვადრატული ფორმის გამოსაბოლქვი სისტემა.

ასევე იხილეთ: გიჟური „მერსედესები“ ბრუნდებიან | AMG-მ „ყველაზე ექსტრემალური Black Series“ დაადასტურა

კიდევ უფრო საინტერესო კი ის ფაქტი გახლავთ, რომ V8 ძრავის გამოყენება მხოლოდ CLE 63-ით არ შემოიფარგლება. Mercedes-მა დაადასტურა, რომ გუნდი ხაზის კიდევ უფრო მძლავრ და ელიტურ ვერსიას, Mythos-საც ამზადებს. ეს მოდელი ლეგენდარული CLK Black Series-ის „სულიერი მემკვიდრე“ იქნება და მასზე დეტალურ ინფორმაციას (რაც ამ დროისთვის ვიცით) ზემოთ მითითებულ ლინკზე იხილავთ.

მანამდე კი, V8 ძრავით აღჭურვილ CLE 63-ს უნდა დაველოდოთ და გავიგოთ, შეძლებს თუ არა ის თავისი მთავარი კონკურენტი, BMW M4 დაჯაბნოს... თქვენი აზრი შეგიძლიათ კომენტარებშიც გაგვიზიაროთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები