„ხელმისაწვდომი ახალი ავტომობილები თითქმის აღარ არსებობს“ | Edmunds
ახალი ავტომობილების ბაზარზე ფასების სერიოზული პრობლემაა და ექსპერტები ვერც გვპირდებიან, რომ არსებული მოცემულობა უახლოეს პერიოდში გამოსწორდება. Edmunds-ის მონაცემებით, აშშ-ის ბაზარზე ახალი ავტომობილისთვის საშუალო ტრანზაქციის ფასმა 2025 წელს 48 402 აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც 2019 წელს 37 310 აშშ დოლარი იყო. ეს თითქმის 11 000 აშშ დოლარით მეტია და უკანასკნელ ექვს წელიწადში 30%-იან მატებას ნიშნავს. ამან კი, გასაკვირი არაა, რომ ბევრი ამერიკელისთვის — და მათთვის, ვინც ავტომობილებს აშშ-ში ყიდულობს — ახალი ავტომობილის შეძენა გაართულა.
ასევე დაგაინტერესებთ: TOP 8 გამძლე სედანი, რომელსაც 15 000$-ად შეიძენთ
პანდემიამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, თუმცა მაშინ ფასების ზრდის ტენდენცია უკვე დაწყებული იყო. ამერიკელი მომხმარებლების მოთხოვნა უფრო დიდი ზომისა და ტექნოლოგიურად მოდიფიცირებული მოდელების მიმართ იზრდებოდა, ხოლო ავტომწარმოებლები იაფი ავტომობილების წარმოებას უფრო და უფრო შორდებოდნენ. არც ისე დიდი ხნის წინ, სადილეროში $25 000-ით შესვლა ნიშნავდა, რომ ახალი ავტომობილების ბაზარზე რეალური არჩევანი დაგხვდებოდათ. დღეს კი, ალბათ, ასე ძალიან ვერ გაგიმართლებთ.

Edmunds-ი თავის უახლეს ანალიზში 2025 და 2019 წლების ტრანზაქციების რეალურ ფასებს ადარებს და ასეთ სურათს იღებს:
- 2025 წელს, ახალი ავტომობილების მხოლოდ 0.2% გაიყიდა $20 000-ად ან უფრო ნაკლებ ფასად, ექვსი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 5.5% იყო.
- 2025 წელს, ახალი ავტომობილების მხოლოდ 4.7% გაიყიდა $25 000-ად ან უფრო იაფად, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 21%-ს შეადგენდა (ვარდნა 75%-ზე მეტია).
- 2025 წელს, $30 000-ზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები ახალი ავტომობილების გაყიდვების მხოლოდ 15%-ს შეადგენდა, 2019 წელს — 40%-ს.
- $35 000-მდე: ეს კატეგორია ოდესღაც ბაზრის უმრავლესობას (54%) წარმოადგენდა. დღეს კი მასზე 10-დან 3-ზე ნაკლები გაყიდვა მოდის.

პარალელურად, შეიცვალა ბიუჯეტური მყიდველებისთვის განკუთვნილი სეგმენტებიც. მაგალითად, თუ 2019 წელს კომპაქტური ავტომობილების 85% $25 000-ად ან უფრო ნაკლებად იყიდებოდა, 2025 წლისთვის ეს წილი 37%-მდე შემცირდა. ასევე, 2019 წელს გაყიდული სუბკომპაქტური მანქანების სრული რაოდენობიდან ნახევარზე მეტი $20 000-ზე ნაკლები ღირდა, 2025 წელს კი იმ მცირერიცხოვანი მოდელებიდან, რომლებიც ბაზარს შემორჩა, იმავე ღირებულებაში 4-დან ერთიც კი არ იყიდებოდა.
აქვე საინტერესოა, რომ დიდი ზომის SUV-ები, რომლებიც ისედაც ძვირი ღირდა, ახლა ხელმისაწვდომ ფასში თითქმის აღარც კი არსებობს. მაგალითად, თუ 2019 წელს დიდი ზომის SUV-ების თითქმის 59% იყიდებოდა $60 000-ზე ძვირად, ახლა, 2025 წლისთვის, ეს მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა. სრულგაბარიტიანი პიკაპების შემთხვევაში — 2019 წელს მათი მხოლოდ 8% იყიდებოდა $60 000-ზე ძვირად, დღეს კი თითქმის მათი ნახევარია ამ საფასო კატეგორიაში გადმოსული.
ასევე დაგაინტერესებთ: მეორადი ავტომობილების ფასები იზრდება | რამდენად შეძლებთ მათ შეძენას?

Edmunds-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემები კარგად აჩვენებს, თუ რამდენად გადაიხარა ბაზარი პრემიუმ კლასისკენ:
- 2025 წელს, ახალი მანქანების 36% გაიყიდა $50 000-ზე მაღალი ღირებულებით. შედარებისთვის, 2019 წელს — 15%.
- ასევე, 2025 წლის მონაცემებით, ყოველი 5 ახალი მანქანიდან 1-ზე მეტი $60 000-ზე ძვირად იყიდებოდა, ექვსი წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7% იყო.
- ასევე, სამჯერ მეტად გაიზარდა ბაზარზე $70 000-ზე მაღალი ღირებულების მანქანების წილი — 3.6%-დან 12%-მდე.
რა არჩევანი რჩებათ მყიდველებს?
Edmunds-ის შეჯამებით, პანდემიის დროს დაწყებული ფასების ცვლილება დასტაბილურების ნაცვლად, პირიქით, თითქოს „ახალ ნორმად“ იქცა. ავტომწარმოებლები კი თითქოს ბიუჯეტური მოდელების ბაზარზე დაბრუნებასაც არ ჩქარობენ. შედეგად, მივიღეთ ბაზარი, რომელიც თითქოსდა კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე და მდიდარ მომხმარებლებზეა მორგებული. რაც არ უნდა იყოს, შედეგი ერთია: ახალი ავტომობილისთვის საშუალო ტრანზაქციის ფასი $50 000-ის ფარგლებშია და მათ, ვისაც უბრალოდ არ შეუძლია ამ ღირებულებას გაწვდეს, მოუწევთ, მეორადი ავტომობილების ბაზარს მიაკითხონ.