ყველაფერი გასაგებია — Ferrari Luce ჩინელ მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ
ფერარის პირველმა ელექტრომობილმა ავტომოყვარულები მსოფლიოს ყველა წერტილში გაანაწყენა, თუმცა ჩინელ მილიონერებს ეს ფაქტი აშკარად ნაკლებად ადარდებთ... მიუხედავად ინტერნეტში მიმდინარე დაუსრულებელი დებატებისა Luce-ს უცნაური დიზაინისა და ჭეშმარიტი ძრავის არარსებობის გარშემო, ბოლო გაყიდვების ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, იტალიური ბრენდი თავისთვის სიდიდით მეორე ბაზარზე საკმაოდ გულთბილად მიიღეს.
ასევე იხილეთ: საუკეთესო ავტომობილი ისტორიაში? - Ferrari F40
გამოცემა Car News China-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლისთვის ჩინეთისთვის გამოყოფილი 88-ვე ავტომობილი თითქმის მყისიერად გაიყიდა მას შემდეგ, რაც Luce ბაზარზე 3.988 მილიონი იუანის (დაახლოებით $586 600) საწყისი ფასით გამოჩნდა. ეს განსაკუთრებით ხმამაღალი განაცხადია იმ ფონზე, როდესაც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ამ ელექტრომობილს საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის... Beijing Business Today-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში ფერარის გაყიდვების მენეჯერებმა უარყვეს ხმები იმის შესახებ, რომ შეკვეთების მიღება კვოტის ამოწურვის გამო შეწყდა. მათი თქმით, მოდელი კვლავ ხელმისაწვდომია შესაკვეთად მისი ოფიციალური პეკინური დებიუტის წინ. ეს მიანიშნებს, რომ ფერარის ან დამატებითი რეზერვი აქვს ჩინეთისთვის, ან თავდაპირველმა ანგარიშებმა გადააჭარბა რეალურ სურათს.

ჩინეთი Luce-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბაზარია, რადგან ბრენდის გაყიდვები ამ ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა — თუ 2022 წელს წლიურად 1500 ავტომობილი იყიდებოდა, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 900 ერთეულამდე დაეცა. კლების ნაწილი განპირობებულია შიგაწვისძრავიან ფუფუნების ავტომობილებზე დაწესებული უზარმაზარი გადასახადებითა და დიდ ქალაქებში ნომრების აღების სირთულით.

ვინაიდან Luce სრულიად ელექტრონულია, ის მფლობელებს მარტივ საგზაო ნომრებს სთავაზობს და ასევე თავისუფლდება ქვეყანაში არსებული 40-პროცენტიანი მოხმარების გადასახადისგან. შედეგად, ჩინეთში ეს მოდელი $53 000-ით უფრო იაფიც კია, ვიდრე აშშ-ში. მიუხედავად ამისა, ის მაინც ძვირად გამოიყურება ადგილობრივ ჩინურ ელექტრომობილებთან შედარებით, რომლებიც ზოგჯერ უფრო სწრაფები და მძლავრებიც არიან, თუმცა ფერარი აქცენტს არა ბრუტალურ სუპერქარზე, არამედ ექსკლუზიურობაზე აკეთებს. ინდუსტრიის ექსპერტების ვარაუდით, კომპანია წლიურად 800-დან 1000 ერთეულამდე Luce-ს გამოუშვებს, რაც მის უნიკალურობას კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს.