McLaren- ის მძღოლების აღიარება: რამდენად პრაქტიკულია სუპერქარით ყოველდღიურად გადაადგილება?
იშვიათად თუ მოიძებნება ავტოენთუზიასტი, რომელსაც არ სურს, რომ თავის ავტოფარეხში ერთ დღეს McLaren-ისთვისაც „გამოინახოს ადგილი“. თუმცა, წესით, ცოტამ თუ იცის, რეალურად რას ნიშნავს მსგავსი სუპერქარის ფლობა ან/და რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მისი ყოველდღიურად გამოყენება. მათთვის, ვისაც მსგავსი გამოცდილებები აინტერესებს, McLaren-ის მფლობელებმა გადაწყვიტეს, Reddit-ის საშუალებით მომხმარებლებისთვის თავიანთი ისტორიები გაეზიარებინათ.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა კაცმა იდეალური მანქანა?
დისკუსია Reddit-ის Supercars-ის თემაში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა, თუ რამდენად გამოდგება McLaren-ი ყოველდღიურად გადაადგილებისთვის, ან თუ სჯობს, რომ სუპერქარი მხოლოდ უქმეებზე გასართობ ავტომობილად დარჩეს. როგორც კითხვის ავტორმა აღნიშნა, ის ახლა Audi R8-ს ფლობს, თუმცა McLaren-ი მისი დიდი ხნის ოცნებაა და აინტერესებს, თუ რამდენად ღირს მისი შეძენა.
დადებითმა გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. ბევრი აღნიშნავდა, რომ McLaren-ის გამოყენება ყოველდღიური მართვისთვის სრულიად შესაძლებელია, მთავარია, სუპერქარი სათანადოდ იყოს მოვლილი. ერთ-ერთი მფლობელის თქმით, მის McLaren 570S-ს უკვე 75 000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი და ერთი წლის განმავლობაში არანაირი სერიოზული პრობლემაც არ შექმნია. „ავტომობილს ხშირად ვმართავ და მისი გამოყენების სრულადაც არ მეშინია“, — აღნიშნა მან.

თუმცა იმავე თემის სექციაში ერთ-ერთმა მომხმარებელმა საინტერესო მიზეზიც გააზიარა, თუ რატომ არ დადის თავისი McLaren-ით სამსახურში. მისი თქმით, კომპანიის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელიც კი სტანდარტული Honda Civic-ით გადაადგილდება:
„ვიცი, რომ ის ჩემზე მეტად შეძლებულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ McLaren-ით სამსახურში მისვლა კარიერულად სწორი გადაწყვეტილება ვერ იქნება. ამიტომაც დავდივარ ჩემი 1994 წლის Miata-თი, რომელსაც არც კონდიციონერი აქვს და არც აუდიოსისტემა.“

თუმცა ყველა მფლობელის პასუხი ასეთი დადებითი არ ყოფილა. ერთ-ერთმა ისიც თქვა, რომ მისი McLaren 570S თითქმის მუდმივად სერვისცენტრში ჰყავდა:
„ის, რასაც McLaren-ის საიმედოობაზე ამბობენ, სიმართლესთან ახლოსაა. შესაძლოა, მის ზოგიერთ მფლობელს პრობლემები საერთოდაც არ შექმნია, თუმცა ჩემი გამოცდილების შემდეგ, მირჩევნია, ამ ბრენდს მოვერიდო. ცუდი McLaren-ი ნამდვილად ძალიან პრობლემურია.“
კიდევ ერთმა მფლობელმა აქცენტი ავტომობილის დაბალ კლირენსზე გააკეთა. მისი თქმით, McLaren-ი იმდენად დაბალია, რომ ქალაქში ყოველდღიურად გადაადგილებისას დიდი შანსია, ბამპერი, კარის ქვედა მხარე ან უკანა ნაწილები დააზიანოთ. „ყოველდღიურად ამ სუპერქარით სარგებლობისას, თქვენი მთავარი პრობლემა გზის საფართან შეხება და ნაკაწრები იქნება“, — აღნიშნა მან.

საბოლოო ჯამში, ეს პასუხები დასტურია იმისა, რომ ყველას გამოცდილება ბოლოს მაინც ინდივიდუალურია. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ყოველგვარი სერიოზული პრობლემის გარეშე სუპერქარს ყოველდღიურად იყენებენ, და ისეთებიც, რომლებსაც მასთან გაკარება საერთოდ აღარ უნდათ. შესაბამისად, ყველაფერი მაინც კონკრეტულ ავტომობილსა და მფლობელის მოლოდინებზეა დამოკიდებული. ხოლო მაშინ, როდესაც ამის ფინანსური შესაძლებლობა გაქვს, McLaren-ის მართვის სიამოვნებას აუცილებლად უნდა ეზიარო.