ელექტრომობილი, შიგაწვის ძრავა, დრაგი, ფერარი, პორშე, ლამბორგინი, ვი 12, შკოდა, ფერარი ტესტაროსა, პორშე 944, ლამბორგინი ქაუნთაჩი, შკოდა ელროქი
Aa
Aa

ჩვენი ბავშვობის საყვარელი სუპერქარები Skoda-ს ქროსოვერმა გაანადგურა...

ის ავტომოყვარულები, რომლებიც 80-იან წლებში გაიზარდნენ, დღეს სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობენ. იმ ეპოქაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ Ferrari-სა და Lamborghini-ს ლეგენდარული მოდელები, რომელთა პოსტერებიც ყველა მოზარდის ოთახს ამშვენებდა, ოდესმე ჩვეულებრივ საოჯახო ქროსოვერთან დამარცხდებოდნენ. თუმცა ტექნოლოგია ციფრებს ყოველდღიურად ანადგურებს და ამის მორიგი მტკიცებულება Volkswagen Group-ში შემავალმა ჩეხურმა ბრენდმა, Skoda-მ წარმოადგინა.

ჩეხურმა ავტომწარმოებელმა თავისი ყველაზე სწრაფი სერიული ელექტრომობილი, Skoda Elroq vRS, დრაგზე 80-იანების სიმბოლოებს დაუპირისპირა. ლეგენდების მხარეს გამოვიდნენ — ყავისფერი Ferrari Testarossa, ნარინჯისფერი Lamborghini Countach (25th Anniversary ვერსია) და მუქი წითელი Porsche 944 Turbo.

თავის დროზე ეს მანქანები გზების უგვირგვინო მეფეები იყვნენ, თუმცა შიგაწვის ძრავების ნოსტალგია თანამედროვე ელექტრომობილების აჩქარებასთან ვერაფერს გახდა — Skoda-ს ქროსოვერმა რბოლა დიდი უპირატესობით მოიგო და ლეგენდები უკან ჩამოიტოვა.

ასევე იხილეთ:  7 „ვიდიანი" მანქანა, რომელიც სინამდვილეში ნამდვილი კოშმარია! ???? 

დენსფოლდის (Dunsfold) ტრეკზე გამართული რბოლის ფინიშის ხაზი ავტომობილებმა შემდეგი დროით გადაკვეთეს — Skoda Elroq vRS: 19.19 წამი; Ferrari Testarossa: 20.08 წამი; Lamborghini Countach: 21.22 წამი; Porsche 944 Turbo: 22.10 წამი.

მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დისტანციაზე ელექტრომობილმა აშკარა გამარჯვება მოიპოვა, უფრო გრძელ გზაზე სამივე კლასიკა მას მარტივად გაასწრებდა. საქმე ისაა, რომ Skoda-ს Elroq-ის მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად 179 კმ/სთ-ზე აქვს შეზღუდული, რაც ბევრად ჩამორჩება Porsche-ს (261 კმ/სთ), Ferrari-სა (290 კმ/სთ) და Lamborghini-ს (303 კმ/სთ) მაჩვენებლებს.

ტექნიკური მონაცემების თვალსაზრისით, Skoda-ს ფლაგმანი ორძრავიანი სრული ამძრაობის სისტემით 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც მას 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5.4 წამში აჩქარების საშუალებას აძლევს. შედარებისთვის, ქარხნიდან გამოსვლისას Lamborghini-ს 5.2-ლიტრიანი V12 ძრავი 449 ცხენის ძალას ავითარებდა, Ferrari-ს 4.9-ლიტრიანი ოპოზიტური 12-ცილინდრიანი აგრეგატი – 385 ცხენის ძალას, ხოლო Porsche-ს 2.5-ლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავი – 247 ცხენის ძალას.

პრაქტიკულობა სილამაზის წინააღმდეგ

გარდა აჩქარებისა, Skoda Elroq vRS-ს კლასიკურ მოდელებთან შედარებით კიდევ ერთი პლუსი აქვს — ხუთადგილიანი კომფორტული სალონი, 470-ლიტრიანი საბარგული და ადაპტური დაკიდების სისტემა, რაც მას იდეალურ ყოველდღიურ მანქანად აქცევს. მიუხედავად დიდი ზომისა, ის აეროდინამიკაშიც სჯობნის ძველ სუპერქარებს — მისი წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.26 cd-ია.

თუმცა წარმადობა და ციფრები ყველაფერი არ არის. ელექტრომობილის უხმო მუშაობა ვერასდროს შეედრება წარსულის 12-ცილინდრიანი მონსტრების ღმუილს. სილამაზის აღქმა სუბიექტურია, თუმცა ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც სილამაზის კონკურსში Skoda-ს Ferrari-ს, Lamborghini-ს ან Porsche-ს წინ დააყენებდა.

სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ დღევანდელ საოჯახო SUV-ს 80-იანების ყველაზე გიჟური მანქანების უკან ჩამოტოვება შეუძლია (ხოლო თუ Tesla Model Y Performance-ს მართავთ, ალბათ 2000-იანების სუპერქარებსაც აჯობებთ). თუმცა, მთავარი კითხვა მაინც ეს არის: ამ ოთხიდან რომელს ისურვებდით საკუთარ ავტოფარეხში?

მსგავსი სიახლეები