„ბალანჩინის ხიდიდან ავტომობილების მოძრაობის დრო 8 წუთით გაუმჯობესდა“ | ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეშელიძისა და ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ განხორციელებული საგზაო ცვლილებების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა.
როგორც ოფიციალური უწყების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, ცვლილებების შესაბამისად, დაიგეგმა ახალი საგზაო მოძრაობის სქემა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განცალკევებულ სივრცეს გულისხმობს და დიდი დიღმიდან სარაჯიშვილის მეტრომდე — და შემდგომში, პირიქით — უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილის, მზევარ გოგილავას განცხადებით, სქემაში ცვლილებები „საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე საგზაო მოძრაობის ოპტიმიზაციის მიზნით იქნა შეტანილი“. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის, რომ „შეშელიძის ქუჩიდან სარაჯიშვილის მეტროსთან მობრუნების საშუალება არ გვექნება, ვინაიდან ეს კავშირი უკვე არსებობს.“
„მცირე ინფრასტრუქტურული ჩარევით თემქის ხევისკენ იქნა გზა დამატებული და ახვევა უკვე შეგვიძლია თვითონ შეშელიძის ქუჩიდანვე და ეს მანევრი, რასაც ადრე ვაკეთებდით, აღარ იქნება საჭირო. ერთმანეთში ირეოდნენ მანქანები, რაც დამატებით პრობლემას ქმნიდა, როგორც საცობის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ასევე უსაფრთხოების კუთხით.
შეშელიძის კუთხიდან ფეიქრების ქუჩის ასასვლელთან იქნა სქემა შეცვლილი და დღესდღეობით უფრო იოლად გადაადგილდებიან მანქანები ფეიქრების ქუჩისკენ, ასევე ბალანჩინის ხიდის მიმართულებით, ვიდრე აქამდე. აქ გაიმიჯნა ნაკადები, დაემატა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი.
ასევე, ფეიქრების ქუჩიდან ჩამოსასვლელში იყო პრობლემა: ორი სამანქანე ზოლი ჩამოდიოდა და ერთმანეთს მხედველობის არეალს უზღუდავდნენ, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ექმნებოდა პრობლემა.
აქედან გამომდინარე, ერთი ზოლი ჩამოდის და შედარებით იოლად გადიან ერთმანეთთან კონფლიქტის გარეშე. უკვე გაუმჯობესდა ბალანჩინის ქუჩაზე ხიდიდან მოძრავი ავტომობილების გადაადგილების დრო — დაახლოებით 8 წუთით. არის ზებრა გადასასვლელები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. საპატრულო პოლიციასთან ერთად გავდივართ ყველა დეტალს და გაუმჯობესების გზებსაც ვეძებთ“, — აღნიშნა მზევარ გოგილავამ.
იმავე ვიდეოში სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა, დაამატა, რომ აღნიშნული ცვლილებები „ცოცხალი პროცესია“, რაც ნიშნავს, რომ უწყება ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება საგზაო მოძრაობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებსაც მიიღებს.
ბაგაშვილის განცხადებითვე, „მოსახლეობას, რომელსაც 45 წუთი, ხანდახან ერთი საათი უწევდათ ავტობუსის ლოდინი, ეს დავიდა დაგეგმილ ინტერვალებზე და დაგეგმილი 15-წუთიანი ინტერვალებით იმოძრავებს ავტობუსები დიდი დიღმიდან სარაჯიშვილის მეტრომდე და სარაჯიშვილიდან დიდი დიღმის მიმართულებით“.