Ferrari-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი Luce-ს ირგვლივ ატეხილი აურზაურით კმაყოფილია
Ferrari-ს ისტორიაში პირველი სრულად ელექტრონული მოდელის გამოჩენამ ინტერნეტსივრცეში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. ფანების უმრავლესობა იმედგაცრუებულია ახალი დიზაინით, რომელსაც ბევრი უფერულსა და მახინჯს უწოდებს. მიუხედავად ამისა, მარანელოს ხელმძღვანელები კრიტიკას მედგრად ხვდებიან და ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ მიღებული რეაქციით კმაყოფილიც კია.
ასევე იხილეთ: რა არის Ferrari-ის შავი სია და ვინ არიან მასში?
ბრენდის გლობალურმა მარკეტინგის დირექტორმა, ემანუელე კარანდომ აღიარა, რომ Ferrari ელოდა მკვეთრ და პოლარიზებულ გამოხმაურებას, თუმცა პროტესტის მასშტაბმა მათ მოლოდინს მაინც გადააჭარბა. კარანდო მიიჩნევს, რომ ამ ხმაურმა ბრენდს უპრეცედენტო უფასო რეკლამა გაუკეთა. გამოცემა Edmunds-თან საუბრისას მან განმარტა, თუ რატომ არ აშინებს ეს სიტუაცია:
„როგორც მარკეტინგის დირექტორი, ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. Ferrari იმდენად საყვარელი ბრენდია, რომ ის თითქოს ყველას ეკუთვნის და ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოხატოს. თუმცა, როდესაც რაღაც სრულიად ახალს ქმნი, სიახლე თავიდან ყოველთვის ყველას აშინებს“, — განაცხადა კარანდომ.

Ferrari-ს მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს
კარანდოს სჯერა, რომ ვნებები დროთა განმავლობაში ჩაცხრება და მაგალითად ბრენდის პირველი ქროსოვერი მოჰყავს:
„ეს პირველად არ ხდება. გახსოვთ, რა რეაქცია მოჰყვა ოთხი წლის წინ Purosangue-ს პრეზენტაციას? მასშტაბები ასეთი დიდი არ ყოფილა, მაგრამ მაშინაც ბევრი წერდა, რომ ენცო ფერარი საფლავში ბრუნავდა. დღეს კი Purosangue მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და საყვარელი ავტომობილია“.
ახალი ელექტრომობილის, Luce-ს კრიტიკის ძირითადი ნაწილი მის პროპორციებსა და სტილს ეხება, რომელიც დიზაინერულმა სტუდიამ LoveFrom-მა შექმნა. კარანდომ დაიცვა ეს საკამათო ვიზუალი და აღნიშნა, რომ ასეთი ფორმები სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შექმნილი პლატფორმის დამსახურებაა.

მისი თქმით, Ferrari-ს შეეძლო უბრალოდ Purosangue აეღო, მისი V12 ძრავი ელექტრომოტორებითა და ელემენტით ჩაენაცვლებინა, მაგრამ ეს „არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“. ნაცვლად ამისა, მათ შექმნეს ტევადი სალონის მქონე ავტომობილი ძალიან მოკლე კაპოტით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად ახლოს იჯდეს წინა ღერძთან. ეს კი მოსახვევებში შესვლისას ავტომობილს წარმოუდგენელ სიზუსტეს ანიჭებს.
დიზაინის გარდა, Ferrari-ს მოუწია პასუხი გაეცა ჭორებისთვის იმის შესახებ, რომ შოურუმები კლიენტებს Luce-ს ყიდვას აიძულებდნენ. გავრცელებული ხმები, თითქოს ბრენდი სამომავლო ექსკლუზიურ მოდელებზე კლიენტებს უარს ეუბნებოდა, თუ ისინი ამ ელექტრომობილს არ შეიძენდნენ, ოფიციალურად უარყვეს.

ენრიკო გალიერამ, რომელიც Ferrari-ს მარკეტინგისა და კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი იყო და ახლახან დატოვა პოსტი, წასვლამდე განმარტა, რომ „Luce-ს გაყიდვები იძულებითი არ იქნება“ და მას მხოლოდ ის მიიღებს, ვისაც მისი ყიდვის რეალური სურვილი აქვს.