რატომ გადაწყდა სრულადამძრავი M2-ის გამოშვება | BMW-ის განმარტება
BMW-მ ისტორიაში პირველად M2 Coupe-ს სრულადამძრავი, xDrive ვერსია შემოგვთავაზა. ზოგისთვის კი ეს გადაწყვეტილება იმდენად უცნაური აღმოჩნდა, რომ გერმანულ ავტომწარმოებელს ახლა უკვე ოფიციალურად განმარტების გაკეთებაც მოუწია. ამ საკითხთან დაკავშირებით თავად BMW M-ის ხელმძღვანელმა, ფრანკ ვან მილმა, გამოცემა Bimmer Today-თან ისაუბრა და მიზეზად მომხმარებლების მხრიდან არსებული მოთხოვნა დაასახელა.
ასევე დაგაინტერესებთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
მილის თქმით, აშშ-ის რამდენიმე შტატში, მათ შორის ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიაში, ასევე ქვეყნის სხვა ნაწილებში, მძღოლების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ უნივერსალურ, ე.წ. „ყველა სეზონის“ (All-Season) საბურავებს იყენებენ. ასეთ პირობებში მხოლოდ უკანაწამყვანი M2 პრაქტიკული არჩევანი აღარაა, რის გამოც სრულადამძრავ ვერსიაზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
BMW-ის განცხადებით, M2 xDrive-ის შექმნისას მთავარი მამოძრავებელი ამერიკული ბაზარი იყო, თუმცა აშშ ერთადერთი არ ყოფილა, სადაც მომხმარებლების მხრიდან სრულადამძრავ ვერსიაზე მოთხოვნა დაფიქსირდა. მათ შორის იყო შვეიცარიაც, ალპური ქვეყანა, სადაც ზამთარში ხშირად თოვს და სრულადამძრავი სპორტული ავტომობილიც ადგილობრივი მძღოლებისთვის ბევრად პრაქტიკული არჩევანია.

M3-ისა და M4-ის მსგავსად, ტექნიკური თვალსაზრისით, M2 xDrive უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე მისი უკანაამძრავი ანალოგი. BMW-ის მონაცემებით, ის 0-დან 100-მდე აჩქარებას 3.6 წამს ანდომებს, ხოლო სპეციალური გაზომვის მეთოდებით იმავეს გაკეთება 3.3 წამშიც შეუძლია. შედარებისთვის, უკანაწამყვან M2-ს, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვისას, იგივე აჩქარებისთვის 3.9 წამი დასჭირდა.
ცნობისთვის, ახალ M2 xDrive-ს გერმანული ავტომწარმოებელი მომხმარებელს მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფით შესთავაზებს. ხოლო მათთვის, ვინც კლასიკურ უკანაამძრავიან კონფიგურაციას ამჯობინებს, BMW-ს მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ვერსიაც ექნება. ორივე მოდელი 3-ლიტრიან ტვინ-ტურბო, 6-ცილინდრიან S58 ძრავას იყენებს, რომელიც 473 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონმეტრ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2027 მოდელის წლისთვის BMW-მ S58 ძრავაც განაახლა. მიზეზი Euro 7-ის ეკოსტანდარტებია. ეს ცვლილებები მოიცავს M-Ignite-ის წინაკამერული ანთების ტექნოლოგიას, თუმცა ამერიკულ ვერსიებს ეს სისტემა არ სჭირდებათ. BMW-ის ინფორმაციით, განახლებების შედეგად მცირედით გაუმჯობესდება ავტომობილის ჟღერადობა და, შესაძლოა, ავტომობილი საწვავის მოხმარების მხრივ შედარებით (თუმცა თითქმის უმნიშვნელოდ) ეკონომიურიც კი გახდეს.