შეუძლია თუ არა 240 კმ/სთ-ის სიჩქარეს თქვენი ვარცხნილობის შენარჩუნება? | Bentley-ით უცნაური თეორია გამოცადეს
არსებობს ასეთი თეორია, რომ ავტომობილით ძალიან მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას მანქანის აეროდინამიკა ჰაერის ნაკადს ისე ცვლის, რომ კაბრიოლეტის სალონში ქარის ზემოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, ასეთ პირობებში ჰაერის ნაკადი მგზავრებს ზემოდან უვლის, რის გამოც მათ ქარი თითქმის აღარ აწუხებთ.

სწორედ ამ თეორიის პრაქტიკაში შემოწმება სცადა წლების წინ საავტომობილო ჟურნალისტმა ტიფ ნიდელმა. იგი გადაცემა Fifth Gear-ში იმ დროისთვის დაახლოებით 150 000 დოლარად შეფასებული პირველი თაობის Bentley Continental GTC-ით გამოჩნდა და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა — დაედგინა, შეძლებდა თუ არა 240 კმ/სთ სიჩქარე კაბრიოლეტის სალონში ჰაერის ნაკადის ისე გადანაწილებას, რომ მგზავრებს თმა არ არეოდათ.
ერთი შეხედვით, ექსპერიმენტი საკმაოდ მარტივი იყო, თუმცა შედეგი მოლოდინს არ დაემთხვა. იდეა ასეთი გახლდათ: თუ თეორია სწორი აღმოჩნდებოდა, ავტომობილის აეროდინამიკა კაბინის გარშემო ერთგვარ „ჰაერის ბალიშს“ შექმნიდა. შედეგად, ქარის ძირითადი ნაკადი მგზავრებს ზემოდან გადაუვლიდა და მათი ვარცხნილობაც თითქმის უცვლელი დარჩებოდა.

თუმცა, როდესაც ექსპერიმენტის დროს Bentley Continental GTC-ის სიჩქარემ 240 კმ/სთ-ს მიაღწია, სალონი ძლიერი ქარით, ტურბულენტობითა და ხმაურით აივსო. შესაბამისად, მგზავრების ვარცხნილობაც ვერ „გადარჩა“ და თეორია, რომლის მიხედვითაც მაღალი სიჩქარე ქარისგან ბუნებრივ დამცავ ბარიერს ქმნიდა, არ დადასტურდა.
ცნობისთვის, Fifth Gear პირველად 2000-იან წლებში გავიდა ეთერში, როგორც Top Gear-ის პირველი ვერსიის ერთგვარი გაგრძელება. თუმცა Top Gear-ის სახელწოდების უფლებები BBC-ს ეკუთვნოდა, რის გამოც ახალ გადაცემას სხვა სახელი დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ Fifth Gear-მა Top Gear-ის პოპულარობას ვერ მიაღწია, ის ეთერში 29 სეზონის განმავლობაში გადიოდა და მაყურებელს 271 ეპიზოდი შესთავაზა.