სუპერქარი, მერსედეს აიემჯი, მერსედეს აიემჯი უანი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ერლინგ ჰოლანდის ავტოფარეხს პირველი F1-ძრავიანი სუპერქარი შეემატა

„მანჩესტერ-სიტისა“ და ნორვეგიის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის ავტოფარეხს ახალი მონსტრი შეემატა. ეს მოდელი ისტორიაში პირველი F1-ძრავიანი სუპერქარია, რომლის მართვაც საჯარო ტრასებზეც კი ლეგალურია. სწორად მიხვდებოდით, საუბარი Mercedes-AMG ONE-ზე გვაქვს, როგორც მას თავისივე შემქმნელი უწოდებს — „საავტომობილო გზებისთვის შექმნილ ფორმულა 1-ის სუპერქარს“.

შესაბამისად, ნორვეგიელი ფეხბურთელის ავტოფარეხში ახლა უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ჰიპერქარი ინახება, რომელიც Formula 1-ის ტექნოლოგიასთან ყველაზე ახლოს მდგომ საგზაო ავტომობილად მიიჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდმა დაახლოებით $3.4 მილიონად შეფასებული ჰიპერქარი ნორვეგიელ ინვესტორსა და ავტომობილების კოლექციონერ ოლე ერტვააგთან ერთად შეიძინა. თუმცა, ცნობილი არაა, თუ რატომ მიიღეს მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, მსგავსად ექსკლუზიური და ძვირად ღირებული ავტომობილების ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად შესყიდვა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ერტვააგი ასევე ჰოლანდის ბავშვობის მეგობარია.

Mercedes-AMG კი ამ მოდელის მხოლოდ 275 ეგზემპლარს აწარმოებს, რის გამოც ის ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ თანამედროვე ავტომობილად ითვლება.

რაც შეეხება უშუალოდ ავტომობილს — AMG ONE-ს ჰიპერქარი 1.6-ლიტრიანი Mercedes V6-ითაა აღჭურვილი, რომელიც ლუის ჰამილტონის 2015 წლის ბოლიდში არსებული ძრავის თითქმის ტყუპისცალია. დამატებით, ოთხი ელექტროძრავის დახმარებით, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 1 063 ცხენის ძალას აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ: Mercedes-AMG ONE | პირველი მანქანა F1-ის ძრავით, რომლის ქუჩაში მართვაც დაშვებულია

შედეგად, ჰოლანდის ახალი ჰიპერქარი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.9 წამში ჩქარდება, ხოლო 200 კმ/სთ-ს 7 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრულად 350 კმ/სთ-ზეა შეზღუდული. მოდელი აქტიური აეროდინამიკით, კარბონის მონოკოკის კონსტრუქციითა და ელექტრიფიცირებული სრულამძრავიანი სისტემით გამოირჩევა, რაც ავტომწარმოებელს F1-ის ტექნოლოგიების საჯარო გზებზე გადმოტანის საშუალებას აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები