Mercedes-AMG ONE | პირველი მანქანა F1-ის ძრავით, რომლის ქუჩაში მართვაც დაშვებულია
Mercedes-AMG ONE-ის შესახებ თუ არაფერი გსმენიათ, ეს გერმანული ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი მოდელია, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში არეკლამებდა როგორც „ფორმულა 1-ის სუპერქარს საავტომობილო გზაზე“.
პირველად სუპერქარის შესახებ ინფორმაცია 2017 წელს გამოჩნდა, თუმცა მომხმარებლამდე პროდუქტის მისვლას რამდენიმე წელი დასჭირდა. Project ONE-ის მიღმა არსებული იდეა 2015 წლის F1-ის ძრავის საგზაო ავტომობილისათვის მორგება იყო, თუმცა 2022 წლამდე მის შესახებ აღარაფერი გვსმენია. 2022 წელს კომპანიამ პირველი სერიული მოდელი ONE წარადგინა. 

პირველ მომხმარებლამდე ჰიპერქარი კი მხოლოდ 2023 წელს მივიდა. შესაბამისად, ტექნიკურად გამოდის, რომ ეს 2023 წლის მანქანაა 2015 წლის ძრავით. მიუხედავად ამისა, ეს ძრავა მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებულია მათ შორის, რომლებიც საავტომობილო გზებზე კანონით დაშვებულ მანქანებში გვინახავს — პრინციპში, Mercedes-AMG ONE ერთადერთი ავტომობილია ფორმულა 1-ის ძრავით, რომლის მართვაც (თეორიულად) ყოველდღიურადაა შესაძლებელი (სამსახური-სახლი-სამსახური-სახლი).
კაპოტის ქვეშ შეგიძლიათ იხილოთ 1.6-ლიტრიანი Mercedes V6, რომელიც ლუის ჰამილტონის 2015 წლის ბოლიდში არსებული ძრავის თითქმის ტყუპისცალია. ის აღჭურვილია ტურბოჩაბერვით, ორი ელექტროძრავითა და KERS-ის მსგავსი სისტემით (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) და 1049 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია მანქანისთვის, რომელიც 1700 კილოგრამს იწონის.
ინფორმაციისთვის, 1000 ცხ.ძ-ს არაერთი ჰიპერქარი აჭარბებს, თუმცა მათი უმრავლესობა 2 ტონაზე ბევრად მძიმეა.
როგორც მოელოდით (ალბათ), ONE-ს არაერთი ცნობილი ადამიანი ფლობს — მათ შორის, Mercedes-ის ყოფილი და ამჟამინდელი პილოტები — ნიკო როზბერგი, ლუის ჰამილტონი, ჯორჯ რასელი... რა თქმა უნდა, ერთი ჰიპერქარი თავისთვის გადაინახა ტოტო ვოლფმაც.
ახალი ONE-ის ფასი 2.72 მილიონი დოლარი იყო და Mercedes-მა მისი 275 ეგზემპლარი ააწყო. დიახ, ეს საკმაოდ იშვიათი მანქანაა და მას გერმანული ავტომწარმოებლის სურვილის გარეშე ადამიანი ვერ იყიდდა...