ევროპაში გაყიდული დამუხტვადი ჰიბრიდების მესამედი უკვე ჩინურია
ევროპის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულ ტარიფებს რეგიონში მათი ექსპანსია უნდა შეენელებინა, თუმცა ჩინურმა ბრენდებმა საპასუხოდ აქცენტი დამუხტვად ჰიბრიდებზე გადაიტანეს — შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა. დღეს ჩინური PHEV-ები რეგიონში ამ ტიპის ავტომობილების გაყიდვების მესამედზე მეტს შეადგენენ. სატარიფო ბარიერი თავის ადგილზე რჩება, თუმცა ავტომწარმოებლებმა მას გვერდი იოლად აუარეს, რადგან შეზღუდვა მხოლოდ ერთ ტიპის აგრეგატს შეეხო და არა მეორეს.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
გაყიდვების მონაცემებით, გასულ თვეს ჩინურმა კომპანიებმა PHEV-ების მიწოდების 34%-იანი წილი დაიკავეს. პროცესს BYD, Chery და Geely ლიდერობენ, იმ ბრენდებთან ერთად, რომლებსაც ევროპული კავშირები აქვთ — მაგალითად, Polestar და Leapmotor.
Dataforce-ის მონაცემებით, ივნისში ჩინურ მწარმოებლებზე ახალი ავტომობილების მთლიანი გაყიდვების 11%, ხოლო ელექტრომობილების ბაზრის 15% მოდიოდა. ეს უკანასკნელი ციფრი შთამბეჭდავად გამოყურება, თუმცა ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა დამუხტვად ჰიბრიდებს ჩამორჩება და ბოლო 18 თვის განმავლობაში 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს.

რაც შეეხება ჰიბრიდების მთლიან ბაზარს (როგორც სტანდარტულ ჰიბრიდებს, ისე Plug-in მოდელებს), ჩინელი ავტომწარმოებლების საბაზრო წილი 25 პროცენტს უახლოვდება.
რას მოიმოქმედებს ევროპა?
ევროპის პასუხი, სავარაუდოდ, არა ადგილობრივი ავტომწარმოებლების მხარდამჭერი ეკონომიკური ზომები, არამედ ჩინური კომპანიების დასჯა იქნება. ევროკომისია ჩინეთიდან იმპორტირებულ დამუხტვად ჰიბრიდებზე ტარიფების დაწესებას სულ უფრო უახლოვდება. Handelsblatt-ის ცნობით, როგორც კი ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა ახალ ტარიფებს დაამტკიცებს, მათი ამოქმედება დაუყოვნებლივ გახდება შესაძლებელი.

სავარაუდოა, რომ PHEV-ების წინააღმდეგ მიმართული ტარიფები იმავე ფორმულას მიჰყვება, რაც 2024 წელს ელექტრომობილების შემთხვევაში გამოიყენეს. შესაბამისად, ტარიფის განაკვეთი ავტომწარმოებლებზე იქნება დამოკიდებული — იმის მიხედვით, თუ რამდენად ითანამშრომლებენ ისინი ევროპულ სტრუქტურებთან. ცნობისთვის, ელექტრომობილების შემთხვევაში ტარიფები 7.8-დან 35.3 პროცენტამდე მერყეობს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩინურ ბრენდებს შესაძლოა ამ ახალ ტარიფებზე საპასუხო სვლა უკვე მომზადებული ჰქონდეთ. ბევრმა მათგანმა ევროპაში ავტომობილების წარმოების ვალდებულება უკვე აიღო — მათ შორის არის BYD, რომელიც ქარხანას უნგრეთში ამუშავებს, და SAIC, რომელიც საწარმოს ესპანეთის ჩრდილოეთით ააშენებს.
