Zeekr 9X-ის უსაფრთხოება | SUV-მა მფლობელს ყაზახეთის საზღვართან პრობლემები შეუქმნა
Zeekr 9X-ი უახლესი ტექნოლოგიებით დახუნძლული, ულტრათანამედროვე და ფუფუნების მოყვარულთათვის განკუთვნილი SUV-ია. უმეტეს შემთხვევაში, ეს ტექნოლოგიური სიმძლავრე მისი მთავარი სავიზიტო ბარათია, თუმცა ჩინელმა მფლობელმა ამ პროგრესის მეორე, საკმაოდ უსიამოვნო მხარე საკუთარ თავზე გამოცადა. როგორც აღმოჩნდა, 9X-ი იმდენად ჭკვიანია, რომ შეუძლია სერიოზული პრობლემები შექმნას იმ ადამიანისთვისაც კი, ვინც მასში კოლოსალური თანხა გადაიხადა.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
ამ თვის დასაწყისში, 9X-ის მფლობელი, ბატონი ლიუ ჩინეთიდან ევროპისკენ ხანგრძლივ ავტოტურში გაემგზავრა — მოგზაურობაში, რომელიც Zeekr-ის ფლაგმანური SUV-ის უმაღლეს ტესტად უნდა ქცეულიყო. თუმცა, გეგმები ყაზახეთის საზღვრის გადაკვეთისთანავე აირია, რის გამოც ავტომწარმოებელს პროცესში სასწრაფოდ ჩარევა დასჭირდა.
ლიუს თქმით, ჩინეთის ტერიტორიის დატოვებისთანავე 9X-მა „ბლოკირების რეჟიმი“ ჩართო: გაითიშა ნავიგაცია, ჩაიკეტა სანივთე უჯრა და, რაც ყველაზე საინტერესოა, საწვავის ავზის ელექტრონული ხუფი 30 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ იღებოდა. მფლობელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა დილერმა მოგზაურობის შესახებ წინასწარ იცოდა, რადგან მანქანამ გამგზავრებამდე გეგმიური ტექდათვალიერება გაიარა, თუმცა მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ მას არაფერი უთხრეს.

მეტისმეტად ბევრი ტექნოლოგია?
მას შემდეგ, რაც ლიუს ისტორია ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდებოდა, Zeekr-ი შეეცადა სიტუაცია გამოცემა National Business Daily-სთან განმარტებით განემუხტა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ჩინეთის საზღვრებს გარეთ გასვლისთანავე ამოქმედდა უსაფრთხოების მექანიზმი, რაც ეკრანზე გაფრთხილებების გამოსვლასა და გარკვეული ფუნქციების შეზღუდვას იწვევს. ბრენდის განმარტებით, ეს სისტემა ავტოობილის ქურდობისა და კონტრაბანდის აღსაკვეთადაა შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ Zeekr-ის მტკიცებით, ძრავა და სამუხრუჭე სისტემა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას, საწვავის ავზის ხუფისა და დამტენი პორტის ჩვეული, ელექტრონული წესით გახსნა შეუძლებელი ხდება. ამ დროს ავზის ხუფის ასახდელად ერთადერთი გზა სალონში ავარიული ციმციმის ღილაკზე თითის 5 წამის განმავლობაში დაჭერაა. ხოლო დამმუხტველი პორტის გახსნა მასზე ძლიერი და პირდაპირი დაწოლითაა შესაძლებელი. ქაღალდზე ეს მარტივად ჟღერს, თუმცა საეჭვოა, ბევრ 9X-ის მფლობელს ცოდნოდა, რომ ავარიული სიგნალის ღილაკს საწვავის ავზის გახსნის ფუნქციაც აქვს.
საბოლოოდ, შეზღუდვები ავტომობილისთვის სპეციალური ავტორიზაციის კოდის გაგზავნის შემდეგ მოიხსნა. თუმცა, CarNewsChina-ს ცნობით, მფლობელს ამ პროცედურის გავლა შესაძლოა ყოველი ახალი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას დასჭირდეს. მოგვიანებით Zeekr-მა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ რეალური უსაფრთხოება „მხოლოდ მწარმოებლის მიერ არ უნდა განისაზღვრებოდეს“. კომპანიამ ახალ მიდგომას „მომხმარებლის მიერ კონტროლი და მწარმოებლის მიერ დაცვა“ უწოდა.

კომპანიამ მობილურ აპლიკაციას უკვე დაამატა პაროლების გენერატორი, რაც მფლობელებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ბლოკირების შემთხვევაში განბლოკვის კოდი თვითონ შექმნან. თუმცა, იმუშავებს თუ არა ეს კოდები ინტერნეტის გარეშე, ჯერ უცნობია, რადგან სასაზღვრო ზონებში სატელეფონო კავშირი ხშირად ხარვეზებით მუშაობს.