დევნისას Charger-ის მძღოლი ბენზინგასამართ სადგურზე შეჩერდა, ავზი შეავსო და პოლიციას მაინც გაექცა
მაღალსიჩქარიან დევნას კალიფორნიელი პოლიციელები, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე უკეთ არიან მიჩვეული, თუმცა ყოველდღე როდი ნახავთ დევნას, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე „პიტ-სტოპით“ შეწყდება. გუშინ სწორედ ასეთი კურიოზული შემთხვევა მოხდა — მძღოლმა გადაწყვიტა პროცესი რამდენიმე წამით შეეჩერებინა და საწვავის ავზი აევსო.
დეტალები ჯერჯერობით მწირია, თუმცა ტელეკომპანია ABC 7-ის ცნობით, პოლიციამ ყურადღება მიაქცია Dodge Charger-ს, რომლის საჭესთან მყოფი მძღოლიც, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პატრულმა ავტომობილის გაჩერება სცადა, თუმცა მძღოლმა გაქცევა არჩია.
ტელეარხის ცნობით, დევნისას სიჩქარემ 209 კმ/სთ-ს გადააჭარბა, რის გამოც დოჯის სპორტქარისთვის თვალის მიდევნება საინფორმაციო ვერტმფრენმაც კი ვერ შეძლო. რბოლა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა — ასეთი მაღალი სიჩქარითა და დიდი მანძილის დაფარვით Charger-ს საწვავი მალე ამოეწურა.
ასევე იხილეთ: რატომ ეშინოდა ჰენრი ფორდს ძმები დოჯების? - დოჯის ისტორია
იმის ნაცვლად, რომ ავტომობილი მიეტოვებინა, მძღოლმა Chevron-ის ავტოგასამართ სადგურზე გაჩერება გადაწყვიტა, სადაც საწვავის ფასი გალონზე მინიმუმ 5.89 დოლარს შეადგენდა. როგორც კი ბენზინგასამართ სადგურზე პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა, მძღოლი მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და გზა განაგრძო.
მანქანა მოძრაობას კვლავ მაღალი სიჩქარით აგრძელებდა — ხანდახან გამორთული მაშუქებითაც კი — სანამ საბოლოოდ პასადენაში არ გაჩერდნენ და სატრანსპორტო საშუალება დატოვეს. ტელეარხის ცნობით, მძღოლი და ორი მგზავრი შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაქცევას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ სამივე მათგანი დააკავა.
სამართალდამცავებს ინციდენტზე ბევრი არაფერი უთქვამთ, თუმცა მძღოლს, სავარაუდოდ, ბრალდებების საკმაოდ გრძელი სია ელოდება — სიჩქარის გადაჭარბების, სახიფათო მართვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით.