რომელ ქვეყნებს ჰყავთ ყველაზე აგრესიული მძღოლები? | კვლევა
იტალია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, უახლეს კვლევაში არცთუ ისე სახარბიელო პოზიციებზე აღმოჩნდა. რეალურად, იტალია აქაც ლიდერია, თუმცა უარყოფით კონტექსტში. როგორც DiscoverCars.com-ის უახლესი ანგარიშის ფარგლებში გამოკითხული საერთაშორისო მოგზაურები აცხადებენ, ამ ქვეყანას ყველაზე აგრესიული და უპასუხისმგებლო მძღოლები ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ: მავნე ჩვევები ავტომობილის მართვისას
ავტომობილების გაქირავების პლატფორმა DiscoverCars.com-ის ანგარიში, რომელიც საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვას ეფუძნება, მსოფლიოში ყველაზე აგრესიული მძღოლების მქონე ქვეყნების რეიტინგს წარმოგვიდგენს. შედეგებით, როგორც აღინიშნა, პირველი იტალია — კვლევის ფარგლებში მიღებული პასუხებით, რესპონდენტების 23%-მა განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ავტომობილით მოძრაობისას ადგილობრივი მძღოლების მხრიდან არასტაბილური და დაუფიქრებელი მართვის შემთხვევები გამოუცდიათ.

აგრესიული და არასტაბილური მძღოლების რეიტინგში მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, რომლის მძღოლების აგრესიულ ქცევაზე კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 11% საუბრობს. მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ლონდონში.
რეიტინგის მესამე პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს — 9%-ით, ხოლო მეოთხე საფრანგეთი და ავსტრალია იყოფენ, შესაბამისად, 5%-5%-ით. საერთაშორისო მოგზაურების შეფასებითვე, ხუთეულში არიან ესპანეთი და თურქეთი. DiscoverCars.com-ის კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა 4%-4% ამბობს, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით აგრესიული მძღოლები არიან.

იმავე კვლევაში აგრესიული მძღოლები მათი ავტომობილის მარკის მიხედვითაცაა კატეგორიზებული. DiscoverCars.com-ის კვლევის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე აგრესიული მძღოლები BMW-ის მფლობელები არიან, მათ მოჰყვებიან Audi-ს, Land Rover-ის, Tesla-სა და Volkswagen-ის მძღოლები. ხოლო ხუთეულს მიღმა მოხვდა Mercedes-ი (3%), Toyota და Mazda (2%), Ford-ი და Volvo (1%).

რაც შეეხება ავტომობილის მართვისას გამაღიზიანებელ ქცევებს:
DiscoverCars.com-ის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურებს ყველაზე მეტად მოხვევის დროს ციმციმას (მოხვევისას მიმართულების მაჩვენებლის) გამოუყენებლობა აღიზიანებთ. ამ პასუხს რესპონდენტების 56% ასახელებს. ყველაზე გამაღიზიანებელ ქცევებში მეორე ადგილზეა სხვა ავტომობილთან ძალიან ახლო დისტანციაზე, „კუდში“ მოძრაობა (რესპონდენტების 46%), ასევე გასწრების ზოლში ზედმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობა, რაც მძღოლების 43%-ს აღიზიანებს. ხოლო მოძრაობის დროს უეცარი დამუხრუჭება ყველაზე გამაღიზიანებელ ქცევებს შორის გამოკითხულთა 20%-მა დაასახელა.