McLaren-ით მისულ მძღოლს In-N-Out-ში შესვლაზე უარი უთხრეს | მიზეზად სუპერქარი დაასახელეს
ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში, ავტომოყვარულები კალიფორნიაში, Monterey Car Week-ზე იკრიბებიან. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს თავიანთი ავტომობილების წარდგენა, მათ შორის, ძვირად ღირებული მოდელების გასაყიდად გამოტანა და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების შესაძლებლობაც კი ეძლევათ.
დამატებით, ღონისძიების ფარგლებში ყოველწლიურად არაერთი შეხვედრა იმართება, რომელთაგან ერთს, ამჯერად, სწრაფი კვების ქსელმა, In-N-Out-მა უმასპინძლა. ერთი შეხედვით, უცნაური თითქოს აქ არაფერია, თუმცა მომხდარმა სულ სხვა ფაქტის გამო მიიპყრო ყურადღება. კერძოდ კი, ერთ-ერთი მონაწილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ღონისძიებაზე სუპერქარით მისვლის გამო არ დაუშვეს.
View this post on Instagram
ფერნანდო ბარაგანის თქმით, ობიექტის დაცვის წევრის გამო, შესვლაზე უარის თქმის მიზეზი მისი ძმის ავტომობილი — McLaren-ის სუპერქარი — გახდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და, რა თქმა უნდა, მალევე, სოც. ქსელების მომხმარებელთა ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა.
როგორც ბარაგანმა ადგილობრივ გამოცემა KSBW-ს განუცხადა, თავისი BMW-ით მას ტერიტორიაზე შესვლა შეეძლო, თუმცა პრობლემა მის ძმას შეექმნა. „ეს სიგიჟეა, In-N-Out-თან უკვე დაცვა დგას. Car Week-ის ღონისძიება ჯერ არც დაწყებულა და აქ უკვე დაცვაა“, — ამბობს ბარაგანი ვიდეოში, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მოუწოდებენ მის ძმას ტერიტორიის დატოვებისკენ.

მისივე ინფორმაციით, 2026 წლის Car Week-ის ფარგლებში In-N-Out-ში სუპერქარებს არ უშვებდნენ. „ჩემი შემოშვება პრობლემა არ ყოფილა, რადგან სუპერქარი არ მყავს, თუმცა ჩემი ძმის შემოშვება, რომელიც McLaren-ით იყო, არ სურდათ“. ძმებმა პრობლემურ მძღოლებს შორის სატვირთოების მძღოლებიც დაასახელეს და ორი მათგანი გადაიღეს, რომლებიც მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ: „აი, თუ ვინ არ უნდა იყვნენ აქ. ნამდვილი იდიოტები სატვირთო მანქანებში სხედან“.
In-N-Out-ს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე უცნობია, მოქმედებდნენ თუ არა დაცვის თანამშრომლები უშუალოდ ობიექტის მიერ დაწესებული წესების შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება სხვა პირის ან ორგანიზატორის მიერ იყო მიღებული. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, 2025 წლის Car Week-ის დროს ამ კონკრეტულ In-N-Out-თან ხალხმრავალი შეკრებები იყო, რის გამოც 2026 წელს Monterey Peninsula-ის ბიზნესებმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გადაწყვიტეს.
In-N-Out ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები ობიექტია. თუმცა, ბურგერებისა და სხვა კერძებისათვის ადგილზე მისვლაა საჭირო, რადგან კომპანიას მობილური საკვების მიტანის სერვისებთან თანამშრომლობა არ სურს.