დეფექტი, მერსედეს ეიემჯი, მერსედეს, მერსედეს ეიემჯი ე კლასი
Aa
Aa

გაფრთხილება Mercedes-ის მძღოლებს: სავარძლის ლოგომ შესაძლოა დაგწვათ

Mercedes-AMG-ის ორი მძღოლი გერმანულ ავტომწარმოებელს უჩივის. კალიფორნიის სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ავტომობილის სპორტულ სავარძლებზე დამაგრებული მეტალის AMG-ის ლოგო, მზის სხივების პირდაპირი დაცემის შემთხვევაში, ცხელდება და შესაძლოა, კანის დამწვრობა გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?

სარჩელში საუბარია Mercedes-AMG-ის იმ მოდელებზე, რომლებიც მსგავსი ტიპის, მეტალის ემბლემით აღჭურვილ სპორტულ სავარძლებს იყენებენ. მომჩივანი მხარის მტკიცებით, ლოგოს დიზაინი, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, მგზავრებისთვის დამწვრობის საფრთხეს შეიცავს — კერძოდ, სავარძელში მოთავსებისას ლოგო შესაძლოა მძღოლის კისერს, მხარს ან ზურგის ზედა ნაწილს შეეხოს.

AMG-ის მფლობელებმა, გაბრიელ ლაჰიჯანიმ და კარენდიპ ბათმა, როგორც გითხარით, სარჩელით კალიფორნიის ცენტრალური რაიონის ფედერალურ სასამართლოს მიმართეს. ლაჰიჯანის მტკიცებით, 31 მაისს, როდესაც ის 2026 წლის Mercedes-AMG E-Class-ში მოკლემკლავიანი მაისურით ჩაჯდა, სავარძლის ლოგომ მას მეორე ხარისხის დამწვრობა მიაყენა. მოგვიანებით, დერმატოლოგთან შემოწმებისას დადგინდა, რომ დამწვრობის ფორმა AMG-ის ლოგოს კონტურს ემთხვეოდა.

მსგავს შემთხვევაზე საუბრობს ბათიც, მეორე მომჩივანი. მისი თქმით, ასევე მოკლემკლავიანი მაისურით მგზავრობისას, მხარზე დამწვრობის კვალი დარჩა. სასამართლოს დოკუმენტებში დაზიანება თერმული კონტაქტით გამოწვეულ დამწვრობადაა განმარტებული.

ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად Mercedes-AMG-ის რომელ მოდელებში გამოიყენება მსგავსი ლოგო და რომელი ავტომობილების მძღოლები შეიძლება აღმოჩნდნენ დამწვრობის საფრთხის წინაშე.

მოსარჩელეები, რომელთაც სასამართლოს ერთობლივად მიმართეს, საქმეში AMG-ის სხვა დაზარალებული მფლობელების ჩართვასაც ითხოვენ. დამატებით, მომჩივანი მხარე სამედიცინო ხარჯების დაფარვას, ასევე დაზიანებით გამოწვეული ტკივილისა და ტანჯვის, ემოციური ზიანის კომპენსაციას და სავარაუდო დეფექტთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

ასევე, მოსარჩელეებს სურთ, რომ Mercedes-მა ავტომობილებში მეტალის ლოგო შეცვალოს ან მოხსნას და ეს ხარჯები თავადვე დაფაროს. მათი მიზანია, ლოგო აღარ ცხელდებოდეს ისე, რომ მძღოლის კანს პირდაპირ შეეხოს და დამწვრობის მიზეზად იქცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები