114 მლნ დოლარის ელექტრომობილი 7 თვეში | რომელი ქვეყნებში ვყიდულობთ ყველაზე მეტს და რა ღირს ერთი ერთეული
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი ყოველთვიურად, ფაქტობრივად, ახალ რეკორდებს ამყარებს. მაგალითად, თუ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში მხოლოდ 536 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა, ივლისში ეს მაჩვენებელი 1 735 ერთეულამდე გაიზარდა.
საქსტატის 2026 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 7 თვეში ქვეყანაში 7 899 ერთეული ელექტრომობილი (113.829 მლნ დოლარის) შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 589 ერთეული ელექტრომობილი ვიყიდეთ, ჯამში 78.618 მლნ დოლარის ღირებულების. (ეს რაოდენობაში 72%-ით გაზრდილი მაჩვენებელია). აღნიშნული მონაცემებიდან გამოდის, რომ წელს ერთი ელექტრომობილის საშუალო თვითღირებულება შემცირდა. კერძოდ, 2026 წლის 7 თვის საშუალო მონაცემებით, ერთეულის ღირებულება 14.4 ათას დოლარამდე იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი - 17.1 ათას დოლარზე მეტი.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელსაც ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელზეც იმპორტირებული ელექტრომობილების რაოდენობის 80% მოდის. მეორე ადგილზე ჩინეთი, სამეულს კი იაპონია ხურავს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც საქართველომ 2026 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტრომობილი იყიდა:
* აშშ - 82.381 მლნ დოლარის 6 372 ერთეული (ერთი მანქანის საშუალო ღირებულება 13 ათასი დოლარი)
* ჩინეთი - 17.228 მლნ დოლარის 818 ერთეული (ერთი მანქანის საშუალო ღირებულება 21 ათასი დოლარი)
* იაპონია - 4.359 მლნ დოლარის 473 ერთეული (ერთი მანქანის საშუალო ღირებულება 9 ათასი დოლარი)
* კანადა - 1.248 მლნ დოლარის 92 ერთეული (ერთი მანქანის საშუალო ღირებულება 13.5 ათასი დოლარი)
* გერმანია - 5.850 მლნ დოლარის 58 ერთეული (ერთი მანქანის საშუალო ღირებულება 100 ათასი დოლარი)
[შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია თანხისა და ერთეულის საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, ბრენდის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ინდივიდუალურად, ღირებულება შესაძლოა მეტი ან ნაკლები იყოს.]