ახალი მუსიკალური ალბომის გამოსვლისას, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი 15%-ით იზრდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგებით, ცნობილი მუსიკოსების ალბომების გამოსვლიდან პირველ დღეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა საშუალოდ 15.1%-ით იმატებდა. მკვლევრების შეფასებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სმარტფონების საშუალებით სტრიმინგისას მძღოლების ყურადღების გაფანტვა იყოს.
ასევე იხილეთ: მავნე ჩვევები ავტომობილის მართვისას
AMA Network Open-ში გამოქვეყნებული კვლევა 2017-2022 წლებში აშშ-ში დაფიქსირებულ 233 809 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს აღრიცხავს. ანგარიშის ავტორებმა ყურადღება საკვლევ პერიოდში გამოსულ 10 ყველაზე პოპულარულ ალბომზე გაამახვილეს, რომლებმაც გამოშვების პირველივე დღეს ყველაზე მეტი სტრიმი დააგროვეს. მათ შორის იყო ტეილორ სვიფტის Midnights და Red (Taylor's Version), Drake-ის Certified Lover Boy, Bad Bunny-ის Un Verano Sin Ti, კენდრიკ ლამარის Mr. Morale & the Big Steppers და ჰარი სტაილსის Harry's House.
კვლევით დადგინდა, რომ ამ ათი ალბომის გამოსვლის დღეებში სტრიმინგის საშუალო მაჩვენებელი 123 მილიონს შეადგენდა, როდესაც წინა და მომდევნო დღეებში საშუალო მაჩვენებელი 86.1 მილიონი იყო. ეს კი დაახლოებით 43%-იან ზრდას ნიშნავს.

იმავე პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა საშუალო მაჩვენებელიც გაიზარდა. მაგალითად, ახალი მუსიკალური ალბომების გამოშვების დღეებში საშუალოდ 139.1 ადამიანი იღუპებოდა, სხვა დღეებში კი — 120.9. სხვაობა დღიურად დაახლოებით 18 გარდაცვალებას, ანუ 15.1%-იან მატებას, შეადგენდა. ასევე საინტერესოა, რომ მკვლევრების შეფასებით, 10 ალბომის გამოსვლის დღეებში ჯამში დაახლოებით 182-ით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე საშუალოდ სტატისტიკურად იყო მოსალოდნელი.
თუმცა, ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ ავტომობილში მუსიკის მოსმენა სახიფათოა. მკვლევრების ვარაუდით, რისკი უფრო მეტად თავად სმარტფონის გამოყენებას შეიძლება უკავშირდებოდეს. კერძოდ, ახალი ალბომის მოსასმენად მძღოლს შესაძლოა ტელეფონის აღება, აპლიკაციის გახსნა, არტისტის მოძებნა და სიმღერის არჩევა დასჭირდეს, რაც გზაზე ავტომობილის მართვისას ყურადღების გაფანტვის რისკს ზრდის.

შედეგად, გამოდის, რომ ეს მხოლოდ სტატისტიკაა, მაგრამ, წესით, არასწორი იქნება, უბრალოდ დამთხვევა ვუწოდოთ. თუმცა, რადგან კვლევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ადგენს, ალბომების გამოსვლასა და ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა ზრდას შორის კავშირის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.