რუსთაველის გამზირის მიმდებარედ 1-ელი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა იმოქმედებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ახალი, დროებითი სქემით, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, რიგ ქუჩებზე, ორმხრივი მოძრაობა დაწესდება. დამატებით შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა იქნება შესაძლებელი.
კალაძის განცხადებით, „გადაადგილების დროებითი სქემის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლებისთვის, შესაბამისად, ვიდეორგოლის სახით ის სოციალური პლატფორმების გარდა, ტელევიზიითაც გავრცელდება იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სიახლეებთან დაკავშირებით“.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მოქმედ დროებით სქემას:
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
გარდა ამისა, ბესიკის ქუჩის მონაკვეთი, კერძოდ, ჟვანიას ქუჩის კვეთიდან შევჩენკოს ქუჩის კვეთამდე, იქნება ცალმხრივი, ასევე, ცალმხრივი მოძრაობა იქნება შევჩენკოს ქუჩაზე, ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით; ლერმონტოვის ქუჩაზე გადაადგილება კვლავ ცალმხრივი იქნება, თუმცა შეცვლილი მიმართულებით — შესაძლებელი ხდება ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის ქუჩის გავლით შალვა დადიანის ქუჩაზე მოხვედრა.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა შესაძლებელი იქნება ორი ძირითადი მიმართულებით. კერძოდ, მძღოლები თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან 9 აპრილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გადავლენ ჟვანიას ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებენ ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებისკენ. ასევე, როგორც ჭონქაძის, ისე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩიდან გადავლენ მთაწმინდის ქუჩაზე და არსენას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს.
შევჩენკოს ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჟვანიას, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების საშუალებით, საიდანაც მძღოლები ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებით დაუკავშირდებიან ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩებს, ასევე, თავისუფლების მოედანს; მთაწმინდის ზედა ქუჩებზე მოხვედრა დასაშვები იქნება 9 აპრილის ქუჩიდან არსენას ქუჩის გავლით.