Hyundai ბატარეების თვითღირებულებას ამცირებს და მათ სიცოცხლისუნარიანობას 20%-ით ზრდის
ინვესტორების დღეზე Hyundai-ს მიერ გამოცხადებულ გრანდიოზულ გეგმებში — რაც 2030 წლისთვის 100-ზე მეტი ახალი ან განახლებული მოდელის გამოშვებას გულისხმობს — ბატარეების ტექნოლოგიურ რევოლუციასა და ავტონომიური მართვის ახალ ეტაპზე გადაყვანას უმნიშვნელოვანესი ადგილი დაეთმო .
Hyundai-მ განაცხადა, რომ საკუთარი წარმოების ბატარეის ელემენტები უკვე შეიმუშავა და ეს ტექნოლოგია ორჯერ მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, ვიდრე აქამდე გამოყენებული ელემენტები. გარდა ამისა, 40%-ით მცირდება დამუხტვის დროც.

ახალი ბატარეების დებიუტს მომავალ Santa Fe EREV-ში ან Genesis-ის EREV მოდელებში უნდა ველოდოთ. ასევე, მომავალი წლიდან ელექტრომობილებში ახალი, საშუალო შემცველობის ნიკელის (mid-nickel NCM) ელემენტები გამოჩნდება. ეს ტექნოლოგია ბატარეების თვითღირებულებას დაახლოებით 30%-ით შეამცირებს, რეალურ პირობებში ოპტიმალური წარმადობის შენარჩუნებით. ამასთან, ამავე ზომის LFP (ლითიუმ-რკინა-ფოსფატის) ელემენტებთან შედარებით, ახალ NCM ელემენტებს 30%-ით მეტი ენერგოტევადობა ექნება.
2028 წლისთვის კომპანია ღრუბლოვანი ბატარეის მართვის სისტემის სრულყოფას გეგმავს, რაც ელემენტების სიცოცხლისუნარიანობასა და რესურსს საშუალოდ 20%-ით გაზრდის.

ავტონომიური მართვა და NVIDIA-ს ეკოსისტემა
ავტონომიურ ტექნოლოგიებში კორეული ავტომწარმოებელი რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს — კერძოდ, პირველი Ioniq 5 Robotaxi-ები Waymo-ს წლის მეოთხე კვარტალში მიეწოდება, რაც 2027 წლიდან რობოტაქსების საერთაშორისო გაფართოებას ჩაუყრის საფუძველს. პარალელურად, Hyundai-ს შვილობილი Motional-ის Ioniq 5 რობოტაქსები კომერციულ ოპერაციებს მიმდინარე წლის ბოლოს ლას-ვეგასში დაიწყებენ.

გარდა ამისა, Hyundai Motor Group-ი თავისი სენსორების არქიტექტურას NVIDIA-ს პლატფორმის გარშემო ააგებს. ეს ნიშნავს, რომ Hyundai, Kia, 42dot და Motional ერთიანი მონაცემთა ბაზით ისარგებლებენ და მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე კომპანია ავტონომიური მართვის ხელოვნურ ინტელექტს — Atria AI-ს ჩაუშვებს. სწორედ ეს სისტემა გახდება საფუძველი Level 2+ ნახევრად ავტონომიური მართვისთვის, რომელიც სერიულ ავტომობილებში 2028 წლიდან გამოჩნდება. ეტაპობრივად, Atria AI დაინერგება მასობრივ მოდელებში და უზრუნველყოფს ავტოპილოტის განვითარებას Level 2+-იდან Level 4-მდე.

მოთხოვნის ზრდის უზრუნველსაყოფად, Hyundai გლობალურ წარმოებას 1.27 მილიონი ერთეულით ზრდის (აქედან 500 000 ერთეული ჩრდილოეთ ამერიკაში დაემატება, ხოლო 320 000 — ინდოეთში), რაც წესით პრობლემა არ იქნება, რადგან ბრენდმა გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმების მიღწევა შეძლო და წარმოების ტემპები კვლავ ოპტიმალურ ნიშნულს დაუბრუნა.