Mazda RX-8-ის შენახვის ხარჯები დაგაფიქრებთ, თუ რატომ აქვს მის როტორულ ძრავას ასეთი „ცუდი“ რეპუტაცია
Mazda-ს თავისი საკულტო როტორული ძრავა არაერთ მოდელში აქვს გამოყენებული, თუმცა ამ ტიპის აგრეგატებზე ალბათ ყველაზე ხშირად Mazda RX-8 და, რა თქმა უნდა, RX-7 გვახსენდება. როტორული ძრავა უნიკალური კონსტრუქციისაა, თუმცა მთავარი პრობლემა ყოველთვის მისი საიმედოობა და ექსპლუატაციის ხარჯებია. ტრადიციული ტიპის ბენზინის ძრავასთან განსხვავების უკეთ დასანახად, ერთმა ავტომოყვარულმა გადაწყვიტა, ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთი ეპოქის ორი Mazda შეედარებინა.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა?
დღევანდელი ექსპერიმენტის მონაწილეები 2006 წლის RX-8 და 2002 წლის MX-5 არიან. MX-5-ის NB თაობა Mazda-ს მიერ 2003 წელს RX-8-ის წარდგენის მომენტისთვის ჯერ კიდევ იწარმოებოდა. შესაბამისად, გარკვეული პერიოდი ორივე მოდელი ერთდროულად იყიდებოდა.
MX-5 მარტივი, მსუბუქი და პრაქტიკული სპორტული ავტომობილია, რომლის მოვლაც შედარებით იაფი და მარტივია. RX-8 კი უფრო სწრაფი და პრაქტიკული იყო, თუმცა მის მფლობელებსაც უფრო მაღალ ხარჯებთან გამკლავება უწევდათ.

ავტომოყვარულის თქმით, ის დაახლოებით 18 თვის განმავლობაში ორივე ავტომობილს იყენებდა. ამ პერიოდში MX-5-ით 19 300 კილომეტრამდე, ხოლო RX-8-ით 32 200 კილომეტრამდე მანძილი დაფარა. როგორც თავადაც ამბობს, RX-8 ბევრად უფრო პრაქტიკული, სწრაფი და კომფორტული იყო, რის გამოც მას უფრო ხშირად იყენებდა. თან იმასაც აღიარებს, რომ ამ მოდელის ვიზუალი ბევრად უფრო მოსწონდა. თუმცა ეს მოდელი MX-5-თან შედარებით ნაკლებად საიმედო გამოდგა. ამას ემატებოდა როტორული ძრავისთვის საჭირო დიდი მოცულობით საწვავი და ზეთი.
შედარებისთვის, Mazda MX-5 NB 1.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ქარხნულად 110 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. RX-8-ში კი Mazda-მ თავისი ცნობილი 1.3-ლიტრიანი როტაციული ძრავა გამოიყენა. აგრეგატი ტრადიციული ცილინდრების ნაცვლად ორ როტორს იყენებს და დაახლოებით 228 ცხ.ძ.-ს აღწევდა.

როტორული ძრავების უპირატესობა კომპაქტური ზომა და მსუბუქი წონაა, რის მიუხედავადაც აგრეგატს მაღალი სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. თუმცა სწორედ მისი კონსტრუქცია ქმნის პრობლემებს, განსაკუთრებით საწვავისა და ზეთის მოხმარების მხრივ. MX-5-ის მსუბუქი კონსტრუქციის წყალობით 100 კილომეტრზე სტანდარტულად დაახლოებით 6.5-6.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო RX-8-ის ოფიციალური მაჩვენებელი დაახლოებით 11.8-13.1 ლ/100 კმ-ია. თუმცა რეალური მაჩვენებელი გაცილებით უარესი აღმოჩნდა.

ექსპერიმენტის ავტორის შეფასებით, RX-8 საშუალოდ 100 კილომეტრზე 14.7-15.7 ლიტრს მოიხმარდა, ხოლო ხშირი მართვის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 16.8 ლიტრამდე ადიოდა. ავტორმა ხარჯები 2026 წლის მონაცემებით, აშშ-ში საწვავის საშუალო ფასის გათვალისწინებით, გადაანგარიშა. ორივე მოდელს ერთი და იმავე მანძილზე თუ შევადარებთ, შესაბამისად, 32 200 კმ-ზე გამოდის, რომ MX-5-ს საწვავი დაახლოებით $2 300, ხოლო RX-8-ს დაახლოებით $5 210 დაჯდებოდა. შედეგად, როტაციული ძრავის მქონე მოდელის საწვავის ხარჯი დაახლოებით 2.3-ჯერ მეტი გამოდის.